დოკუმენტები

დოკუმენტები

1996.03.07 მიღებულმა „კანონმა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ ახალი ტალღა ააგორა ბუნებრივი გარემოს და ეროვნული კულტურული სიმდიდრის  მნიშვნელობის საყოველთაო აღიარების და დაცვის საქმეში. როგორც კანონში ვკითხულობთ: „ დაცული ტერიტორიები საქართველოში იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობისუნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად.“

7 წლის შემდეგ 2003 წლის 22 აპრილს მიღებული კანონით „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ თუშეთის ეროვნულ პარკთან და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალთან ერთად  თუშეთის დაცული ლანდშაფტიც იბადება, შექმნილი „...ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად,“

ის ამოცანები, რომლებიც თუშეთის ეროვული პარკის ადმინისტრაციის წინაშე დგას-ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება დაცვითი ღონისძიებებისა და მონიტორინგის გაძლიერებით, ასევე საზოგადოებისა და განსაკუთრებით მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხების მიმართ მრავალმხრივი სასკოლო-საგანმანათლებლო პროგრამების, სახალხო ფესტივალების და სოციალური რეკლამის საშუალებით უაღრესად მნიშვნელოვანია,მაგრამ არანაკლებ რთული და მრავალმხრივია დაცული ლანდშაფტის საქმიანობების სპექტრი, რომელიც უშუალოდ ეხება ათასწლეულების მანძილზე ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანის ურთიერთობას ბუნებასთან ტრადიციული საქმიანობის ჭრილში.

ეს ჰარმონიული პროცესი დიდწილად დაირღვა და შეიცვალა მეოცე საუკუნეში. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მუშაობს იმისთვის , რომ ახალ ათასწლეულში ახალი გზა იპოვოს ბალანსის აღსადგენად კაცსა და ბუნებას შორის. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ეროვნული მნიშნვნელობის მქონე ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტი, მაგრამ ასევე ხელი შევუწყოთ ტრადიციული მეურნეობების განვითარებას, როგორიცაა მეცხვარეობა და მიწათმოქმედება ისე, რომ არ დაირღვას ბუნებრივი წონასწორობა, ხოლო მწვანე ტურიზმი საშუალებას მოგვცემს მხარემ არ დაკარგოს ჯერ კიდევ ცოცხალი ტრადიციული  დამოკიდებულებები როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანური ფასეულობების მიმართ.

ადმინისტრაციის სრული სახელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია“. იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს  ააიპ-ის  მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ააიპ-ის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობის და წარმოადგენლობათა უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

„ადმინისტრაცია“ დააფუძნა ახმეტის მუნიციპალიტეტმა 2011 წელს. მისი იურიდიული მისამართია -ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ომალო. აქტიური მისამართი ზამთარში -ახმეტა, ჩოლოყაშვილის # 48 . ელ-ფოსტა tushetipa@yahoo.com

ადმინისტრაციის მიზნები და ფუნქციებია:

ა) თუშეთის დაცული ლანდშაფტის უნიკალური ეკოსისტემების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების გადაგვარება -განადგურებისგან დაცვა;

ბ)ეროვნული მემკვიდრეობის, ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა;

გ) მაღალმთიანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;

დ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ე) თუშეთის ეკოსისტემების და მის ფარგლებში გავრცელებული ცხოველებისა და ველური მცენარეთა სახეობების კონსერვაცია და აღდგენა;

ვ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ზ) რეკრეაციულ-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა;

თ) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

„თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა“, რომელიც შეიქმნა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის ბუნებისა და გარემოს დაცვის სააგენტოს მატერიალური და ქმედითი შემწეობით, დამტკიცდა, როგორც ტექნიკური რეგლამენტი,  საქართველოს პარლამენტისა და პრემიერ მინისტრის მიერ 2015 წლის ზაფხულში. მენეჯმენტის გეგმის აქტივობები 6 წელზეა გათვლილი და მოიცავს ადმინისტრაციის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს-ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ტრადიციული მეურნეობების განვითარება და კონსერვაციის ღონისძიებები.