ინფორმაციის ჩამოტვირთვა

საქართველოს მთავრობის 

დადგენილება №543
             

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტყითსარგებლობის წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: 

მუხლი 121. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები

1. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ან იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალურ ჭრებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით.
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი საწყობდება გამგეობის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე) და გადაეცემა:
ა) I ხარისხის მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (რემონტის შემთხვევაში − ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები);
ბ) საშეშე მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე.
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით დამზადებული ხე-ტყე გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფიზიკური და იურიდიული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული რესურსით სარგებლობის მოსაკრებელისა და ტყის დამზადების ბილეთის საფასურთან ერთად იხდის ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ხე-ტყის დამზადების საფასურს.
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალური ჭრით ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.

     პრემიერ-მინისტრი                                                                                                                                                                                                                                           გიორგი კვირიკაშვილი