დართლო

28 March 2018

 

სოფელი დართლო მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, იატორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 15 კმ-ში, ახმეტიდან კი 102 კმ-ში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე.

სოფელი დართლო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ტერიტორიაზე გვხვდება 8 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. დართლოს ეკლესიას აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი. დართლო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად.

დართლო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. სოფლის ცენტრში, XIX საუკუნის ეკლესიის გვერდით, დიდხევის გაღმა, დგას იახსრის ხატის სალოცავი - ქრისტიანული აკლდამისებური ორი ნაგებობა.  აღსანიშნავია სიპი ქვის საფეხუროვანი სახურავი და ამ ორი ნაგებობის აღმოსავლეთ კედელში განთავსებული ქრისტიანული სატრაპეზო და სარკმლები. თუშეთში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, არც ტაძრის ნანგრევებზე და არც სალოცავზე ქალების შესვლა არ შეიძლება.  მათთვის საგანგებო სადიაცო ბილიკები არსებობს. აკლდამების ქვევით და სოფლის შესასვლელში სასაფლაოა. საფლავები დაფარულია სიპი ქვებით. სოფლის შუაგულში ორი პირამიდულსახურავიანი მთავარი ციხე-კოშკის ნახვაა შესაძლებელი.

სერგი მაკალათიას თავის ნაშრომში მოჰყავს საინტერესო ამბავი დართლოს ნაჭაურიძეების ციხის შესახებ: ,,დართლოს ამ ციხეს განსაკუთრებით მტრობდნენ ლეკები. ხალხური გადმოცემით, ეს მაგარი ციხე ლეკებს ხელში ჩაუგდიათ და შიგ გამაგრებულან. თუში მზვერავები ციხეს თურმე მალმალ უვლიდნენ. ერთხელ ციხის სარკმელთან შეუმჩნევიათ სადარაჯოზე მდგარი ლეკი, რომელიც ღამის წყვდიადში ჩიბუხს აბოლებდა. თუშ მსროლელს ყალიონი მიზანში ამოუღია და მეექვსე სართულზე მდგომი ლეკისთვის ტყვიით პირი გაუგმირია. ჩქარა თუშების რაზმიც მოსულა, ციხე აუღიათ და დამარცხებული ლეკები გაქცეულან''.

გიორგი ბოჭორიძის ჩანაწერების მიხედვით სოფლის ბოლოზე ადგილ საფრინდაოზე  ეწყო 12 ქვის სკამი, რომელზედაც ადრე სხებოდნენ 12 უხუცესი მსაჯული. მთავარი ბჭე- მოსამართლე ჯდებოდა სამხრეთ მხარეს, აღმოსავლეთ მხარისკენ მაღალზურგიან ქვაზე. შუაში იდო ერთი ბრტყელი ქვა, წინ დაყუდებული წვრილი ქვით, რომელზეც მუხლზე დგებოდა მოსარჩლე. ჩრდილოეთ მხარეს იდგა მოწმის ქვა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კი - დამნაშავის. იქვე საფრინდაოს ჩრდილოეთ ნაწილში იყო ,,საფიცარი ქვა“. მას ამოიღებდნენ პროცესის მონაწილეები, ულვაშებს გამოიძრობდნენ, ჩაჰყრიდნენ შიგ და ისევ ქვას დაადგამდნენ, რაც იმას დასტური იყო, რომ პროცესი დაიწყო.

თვეში ერთხელ ზაფხულში, აქ მოდიოდნენ ხევისბერები, თითო საზოგადოებაზე ორი კაცი იყო დანიშნული. სულ იყო 6 საზოგადოება: ნაციხვრისა, ომალოსი, დართლოსი, ფარსმისა, ჯვარბოსლისა, ილიურთისა და სულ 12 კაცი ხევისბერი იყვნენ არჩევით. ისინი იყვნენ მოხუცებული და პატივცემული ხალხი. განიხილებოდა ყველა საქმე.  სისხლის საქმის გადაწყვეთის დროს ერთხანს თავმჯდომარეობდა წოვათიდან მოსული დევდრის ანთას ქალი. ის ძალიან მჭერმეტყველი და გონიერი ქალბატონი იყო. სხვა დროს საბჭოს ერთ-ერთი წევრიც ყოფილა. იგი დიდიხანიც ყოფილა თავმჯდომარედ.

ამ დროისათვის შემორჩა მხოლოდ 3 ქვა, ხოლო დაკარგულები შეავსეს ახალი ქვებით.