ფარსმა

28 March 2018

 

ფარსმას ნასოფლარი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა თემში. სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კმ-ში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზისპირას ბორცვებზე. სოფელში გვხვდება 9 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. ფარსმის ციხე-სახლები აღიარებულია ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობად.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სოფელი ფარსმა ძველად იყო ღვთისმსახურების ცენტრი პირიქითის ხეობაში.

ფარსმის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ქააძეების გვარი. სავარაუდოდ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე სამი ციხე - სახლი ქააძეების უნდა იყოს, რადგან ისინი რამდენიმე კოშკში ერთად ცხოვრობდნენ, რომლებიც მინაშენებით იყო გადაბმული (დღეს ეს მინაშენები აღარ არსებობს). თვითონ ამ შენობებს „გადაბმულ სახლებს“ უწოდებდნენ. ფარსმის წვერიანი ციხე, ბაულელი ქისტი მამა - შვილის აგებულია. მშვიდობიანობის დროს ქისტების მშენებლობაში მოხმარება ჩვეულებრივი რამ ყოფილა.

ქაჩუს მთის გადასასვლელში არის მურთაზის ჯარის მიერ მისივე ბრძანებით დაყრილი ქვები, რომელსაც ქვია ,,ჯარისქვანაგროვები“.  ამ მხრივ საყურადღებოა მურთაზის შემოსევა და ფარსმის ციხის გარემოცვა, რომელიც გადმოცემული აქვს ს. მაკალათიას თავის წიგნში. ხალხური გადმოცემით ჩეჩენ-ინგუშთა ნაიბს - მურთაზს დიდი ლაშქარი წამოუსხამს, რომლის აღრიცხვა მას გასჭირვებია. ანგარიშისათვის, მურთაზის ბრძანებით, მოლაშქრეებს თითო ქვა აუღიათ და ერთ ადგილზე დაუყრიათ, რომლისგანაც მთელი გროვა დამდგარა.

მურთაზი ზარბაზნით გამოსულა და მისდგომია ფარსმის ციხეს. ციხეში თუშები გამაგრებულან და ვერაფერი დაუკლიათ. მაშინ მურთაზს ციხის სანგლით აფეთქება უბრძანებია. თუშებს ეს დროზე გაუგიათ და ერთ თუშის ქალს, კახოს თინას თავისი მანდილი ერბოში ამოუვლია, სანგარში გადაუგდია და ის აუფეთქებია.

მალე თავიანთი დროშებით ხევსურებიც გამოჩენილან და ხევსურეთის კოპალას (სალოცავი) მიჰგებებია ფარსმის წმიდა გიორგი (სალოცავი). ამტყდარა ჭექა-ქუხილიც. მტერს შიშის ზარი დასცემია და ძლეული მურთაზი გაქცეულა. მურთაზისთვის თუშებს წაურთმევია ზარბაზანი, რომელიც დღეს ინახება სოფ. ჭეშოში და აქვს ასეთი არაბული წარწერა: „ამალი აჰმად“ (აჰმადის საქმე ან ნაკეთები). უკან დაბრუნებისას დამარცხებულ მურთაზს, ლაშქრის დანაკლისის გამოსარკვევად, უბრძანებია სააღრიცხვოდ დაყრილი ქვის სათითაოდ აკრეფა. ქვის ერთი მესამედი ქაჩუს გასასვლელზე დღესაცაა დარჩენილი და მას მურთაზის გოხს (ქვას) ეძახიან.