ფაუნა

ფაუნა

ქვემოთ დაწვრილებითაა აღწერილი ორ სახეობა, რომლებზეც არსებობს შედარებით სრულყოფილი ინფორმაცია თუშეთში მათ გავრცელებაზე, პოპულაციის რაოდენობასა და ტენდენციებზე. ისინი ასევე პრიორიტეტული სახეობებია კავკასიის ეკორეგიონში (ზაზანაშვილი და სხვ., 2012). შესაბამისად, ისინი გამოყენებულ იქნა როგორც მნიშვნელოვანი „ქოლგა სახეობები“ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ზონირების მომზადებისას (იხ. თავები 1.7 და VII).

 

ნიამორი (Capra aegagrus)

ნიამორის პოპულაცია თუშეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მჭიდროდ არის დაკავშირებული დაღესტნის დასავლეთში გავრცელებულ ამ სახეობასთან და ისინი ერთად ქმნიან აღმოსავლეთ კავკასიაში ამ სახეობის ძირითად პოპულაციას. მისი გავრცელების არეალი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გაყოფილია თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და დაცულ ლანდშაფტს შორის (იხ. დანართი 6). ზაფხულში ამ სახეობების გავრცელების არეალი მოიცავს ტყეების, სუბალპური და ალპური მდელოების დაახლოებით 96 კმ2, შედარებით დაბალი სიმაღლიდან  (შესაფერისი ჰაბიტატების, ქანობების, ტყიანი და კლდოვანი ადგილების მიხედვით) 3200 მ სიმაღლემდე. თუმცა, ორივე სქესის და ყველა ასაკობრივი ჯგუფის ინდივიდები არის მხოლოდ ტყის ჰაბიტატებში (დაახლოებით 63 კმ2). ღია, უტყეო ტერიტორიებზე გვხვდება მხოლოდ ზრდასრული მამრები. გამოანგარიშებულია, რომ ამჟამინდელი პოპულაცია აღწევს დაახლოებით 130 ინდივიდს (იხ. მინისტრის ბრძანება №261) და მიჩნეულია რომ ოდნავ იზრდება. ამ სახეობებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არალეგალური ნადირობა, ჰაბიტატების დეგრადაცია და შინაურ ცხოველებთან კონკურენცია (ახმედოვი და სხვ. წიგნში ზაზანაშვილი და მელონი, 2009).   

 

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis)

ზაფხულში ამ სახეობის გავრცელების არეალი მოიცავს დაახლოებით 330 კმ2-ს, ზღვის დონიდან 2800 მ–დან უმაღლეს მწვერვალებამდე (იხ. დანართი 7). ამრიგად, ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია თუშეთის დაცულ ლანდშაფტზე - მის უკიდურეს დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში (წოვათა და დიდი კავკასიონის ქედის აღმოსავლეთი ნაწილი). ცხოველთა უმრავლესობა ცხოვრობს ნივალური და სუბნივალური ზონების მიუწვდომელ ადგილებში. ზაფხულობით ისინი იშვიათად ჩამოდიან ალპური ზონის სიმაღლეზე, რადგან იქაური მდელოები ინტენსიურად გამოიყენება ცხვრის საძოვრებად. პოპულაციაში შედის 750 ცხოველი (იხ. მინისტრის ბრძანება №261) და ითვლება რომ ეს რიცხვი სტაბილურია. მთავარი საფრთხეები აქაც არის არალეგალური ნადირობა, შინაური ცხოველების მიერ გადაჭარბებული ძოვება, რაც იწვევს სუბალპური და ალპური მდელოების ბიომასის დაქვეითებას, და შედარებით ნაკლებად, ტურისტების, ვერტმფრენებისა და სამთო მოთხილამურეების მიერ ცხოველთა შეწუხება (კოპალიანი და გურიელიძე, წიგნში ზაზანაშვილი და მელონი 2009, ინაშვილის მიხედვით).