ფლორა

ფლორა

თუშეთის დაცული ლანდშაფტი

თუშეთის დაცული ლანდშაფტის მთიანი ლანდშაფტი წარმოიქმნა სხვადასხვა ბუნებრივი პროცესებისა და ადამიანთა საქმიანობის შედეგად. იგი მოიცავს შერეულ და წიწვოვან ტყეებს, მთის მდელოებს, სუბალპურ ბუჩქნარებს, სუბალპურ და ალპურ მდელოებსა, სუბნივალურ ტერიტორიებსა და ისტორიულ დასახლებებს. თუშეთის  ლანდშაფტმა დამახასიათებელი სახე ხანგრძლივი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობების შედეგად მიიღო.განსაკუთრებით აღსანიშნავია პატარა დასახლებების მოზაიკა, სათიბები, მინდვრები, საძოვრები და ტყეები.ლანდშაფტის უმთავრესი კომპონენტი, რაც მისი უნიკალურობის მახასიათებელია, არის ციცაბო მწვერვალები მომრგვალებული თხემები და ღრმა ხევები აბობოქრებული მდინარეებით.

ბიომრავალფეროვნება

კავკასია დღეისათვის მსოფლიოში გამოყოფილ ბიომრავალფეროვნების 34 „ცხელ წერტილს“ შორის ერთ-ერთია და თუშეთის რეგიონიც მისი ნაწილია. მსოფლიოს ზომიერი სარტყლის ტყიან რეგიონებს შორის გამოირჩევა რა ყველაზე დიდი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, მოიცავს 6500-ზე მეტი სახეობის ჭურჭლოვან მცენარეს, რომელთაგან სულ ცოტა 1600 მაინც (25 %) ენდემურია. რაც  ევროპისა და აზიის მიმდებარე რეგიონებში დაფიქსირებულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობათა ორჯერ მეტ მრავალფეროვნებას მოიცავს.

მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების თვალსაზრისით თუშეთი საქართველოში არსებულ სახეობათა მთლიანი რაოდენობის ერთი მეოთხედის და მთელი კავკასიის მცენარეთა ერთი მეექვსედის პატრონია, ბევრი ენდემური და იშვიათი სახეობის  (მაგ. თუშური ტილჭირი Aconitum tusheticum და ფურისულა Primula luteola და Rosa tushetica) ჩათვლით.

თუშეთში ენდემიზმის მაღალი დონეა - მცენარეთა სახეობების საერთო რაოდენობის დაახლოებით 23 % ენდემურია (11 საქართველოს, ხოლო 230 კავკასიის ენდემია). მცენარეთა სამი სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში (Betula raddeana, Ulmus glabra, Ulmus minor);

მრავალფეროვანია თუშეთის ფაუნაც. აღრიცხულია 30-ზე მეტი ძუძუმწოვრისა და 100-ზე მეტი ფრინველის სახეობა. ძუძუმწოვართა ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობებია აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis) - კავკასიის ენდემი; ნიამორის (Capra aegagrus) ასე თუ ისე სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია; არჩვი (Rupicapra rupicapra caucasica) და პატარა ძუძუმწოვართა რამდენიმე ენდემური სახეობა. ასევე დიდი მტაცებლები - მურა დათვი (Ursus arctos), რუხი მგელი (Canis lupus) და ფოცხვერი (Lynx lynx)

მნიშვნელოვანი ფრინველები წარმოდგენილია ქათმისნაირთა ორი ენდემური სახეობით. მათ შორის არის: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi) და კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus); დიდი მტაცებელი ფრინველები, განსაკუთრებით სვავი  (Aegypius monachus), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), ორბი (Gyps fulvus) და ბეგობის არწივი (Aquila chrysaetos) (ყველა მათგანი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში,  იხ. დანართი 5); ასევე ბეღურასნაირთა ენდემური სახეობები (მაგ. მგალობლები  მწვანე ყარანა Phylloscopus nitidus და  კავკასიური ყარანა P. lorenzii). BirdLive International-ის მიერ თუშეთის რეგიონი აღიარებულ იქნა საქართველოში მნიშვნელოვან ფრინველთა გავრცელების ტერიტორიად (IBA) (ECODIT, 2009).

მიუხედავად ამისა, საგულისხმოა, რომ კარგად ცნობილი ჯგუფების სია (ჭურჭლოვანი მცენარეები, რეპტილიები, ფრინველები, პატარა ძუძუმწოვრები, ღამურები და სხვ.) ჯერ კიდევ არასრულია და ძირითადი მონაცემები მაგალითად, სპოროვანი მცენარეების (სოკოები, ხავსები) ან უხერხემლო ცხოველების შესახებ (განსაკუთრებით, ისეთი ბიოინდიკაციის ჯგუფების შესახებ, როგორიცაა პეპლები, კალიები და სხვ.) თითქმის არ მოიპოვება.

ბიომრავალფეროვნების რომელ წარმომადგენლებს გადაეყრებით თუშეთში

ივნისის მეორე ნახევარში იწყება მდელოების ყვავილობა. ომალოს ირგვლივ მინდვრები და ღელეს მინდორი ციმბირული ზამბახით იფარება და თვალწარმტაცი სანახავია. მდელოები ყვავილობას აგრძელებენ ივლისში აგვისტოს პირველ კვირამდე. ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს ცვლის ალპური ყვავილების  მდიდარი ფეროვნება . ამ დროს ყვავილობს ასევე მთის შროშანი (Lilum Monadelphum), რომელიც კავკასიის ენდემია და ტურისტული ბილიკების გასწვრივ ყვავის  ტყიან მონაკვეთებზე(ღელე-ჩიღო).

ნიამორზე ჰაბიტატზე დაკვირვება ძალიან ადვილია  ომალოს ახლოს ქუეში მოწყობილი გადასახედიდან. აუცილებლად დაგჭირდებათ ჭოგრიტი და დიდი ალბათობით ნიამორების მთელ ოჯახებს იხილავთ.

დათვები ხშირად ცხვრის ბინების ახლოს ტრიალებენ საკბილოს ძებნაში, ხოლო შემოდგომაზე გზაზეც იხილავთ ჩამოსულს რადგან ამ დროს საზამთროდ ემზადება და მაღლიდან დაბლა ჩამოდის, თან გზის პირებზე მდგარი მოწეული წაბლიც იზიდავს.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ძალიან მაღლა, მიუვალ საჯიხვეებში ბინადრობს. მისი ნახვა რომელიმე უღელტეხილზე გადასვლისას უფრო შემოდგომაზე შეიძლება.

სვავები ლეშის ძებნაში შეიძლება ყველგან გამოჩნდნენ. დღეობის დღეს საკლავის სიმრავლე მათ სოფელშიც კი იტყუებს და ხშირად ნახავთ როგორ არტყამენ ირაოს სოფლის ან ხატის თავზე. კარგ ამინდში დიდად სავარაუდოა აბანოს უღელტეხილზეც ნახოთ ერთი-ორი მათგანი და ზოგადად გზის გასწვრივ.