რეკომენდაციები ვიზიტორთათვის

რეკომენდაციები ვიზიტორთათვის

საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება:

ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში;

ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა, შენობების,

გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის

ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება;

გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში;

დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ;

ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება.

რეკომენდაციები

მეცხვარული ძაღლები: თითქმის ყველა საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ თუშეთში მდებარეობს ორი ან სამი მეცხვარის ბინა, რომელსაც ძაღლები იცავენ.თუმცა ძაღლებთან შეხვედრისას სიტუაციის მართვა საკმაოდ უსაფრთხო და ადვილია თუკი გაითვალისწინებთ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს.

უპირველეს ყოვლისა მეცხვარის ძაღლი მეპატრონის ქონების დამცველია-იქნება ეს მეცხვარის ქოხი, ფარა თუ ნახირი, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. ეს იმას ნიშნავს რომ თუკი მიუახლოვდებით იმ ადგილს სადაც ეს სამი დგას ან ძოვს ძაღლები აუცილებლად გაგაფრთხილებენ, ხოლო ტერიტორიის გადალახვის შემთხვევაში შემოგიტევენ. მეცხვარის ძაღლი უმიზეზოდ აგრესიული არ არის. ის  მხოლოდ თავისი პატრონის ქონებას იცავს და თუკი აჩვენებთ, რომ არ გსურთ მისი კუთვნილი ტერიტორიის გადალახვა და მითუმეტეს არ აპირებთ მისი ქონების მითვისებას ის მხოლოდ გასაფრთხილებლად იყეფებს, უსაფრთხო მანძილს შეინარჩუნებს და არასოდეს გადავა აგრესიულ შეტევაზე.

თუმცა გვხვდება უფრო რთული შემთხვევებიც , როცა ბინა ბილიკთან ძალიან ახლოსაა ან ნახირი და ფარა ზედ ბილიკზე ძოვს და გვერდს ვერ აუქცევთ უსაფრთხო მანძილზე.ჩვეულებრივ ნახირს ერთი ან ორი ძაღლი მწყემსავს მხოლოდ, ხოლო ცხვრის ფარას მეცხვარეც ახლავს. თუ ასეთ შემთხვევაში გადაეყრებით მცველ ძაღლს აჩვენეთ რომ არც თქვენ ხართ ჯაბანი, აიღეთ ჯოხი, ქვა და მოუქნიეთ რომ ახლოს არ მოუშვათ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ ძაღლის სერიოზულად დაზიანებას და არ გადახვიდეთ შეტევაზე, ასეთი მცდელობა სავალალოდ დასრულდება ვიზიტორისთვის, რადგან ძაღლები უკეთესი თავდამსხმელები არიან.უბრალოდ მუქარით შეეცადეთ მანძილი და დრო მოიგოთ და სახიფათო ტერიტორიას გაეცალოთ.ძაღლი ვერ ხედავს რა გაქვთ ხელში და რას ისვრით, მაგრამ თუ ქვის ასაღებად დაიხრებით ეს მისთვის უტყუარი ნიშანია, რომ გვერდები აეწვება. ამიტომ დიდ მანძილზე გარბის და თქვენ დრო გაქვთ წინ წახვიდეთ შემდეგ შემოტევამდე. რაც უფრო გასცდებით ნახირს მით უფრო შესუსტდება ძაღლის წინააღმდეგობა და ბოლოს დაჯდება და კიდევ კაი ხანი გაგაცილებთ ყეფით.

თუკი შეშინდებით ან ვერ მოახერხებთ გაცლას საშველად უხმეთ მეცხვარეს, რომელიც ჩვეულებრივ ფარასთან ახლოსაა და თვითონაც გამოგეხმაურებათ. მაგრამ მეძროხე ძაღლებთან მარტო მოგიწევთ გამკლავება. თუმცა ისინი უფრო ნაკლებ საშიშები არიან ვიდრე ცხვრის ძაღლები.

არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ცარიელ ბინაში. ძაღლებმა შეიძლება შეგიშვან , მაგრამ უკან აღარ გამოგიშვებენ მეცხვარის მოსვლამდე.

ტრადიციები და ქცევა.

თუშეთი და საერთოდ საქართველოს მთიანეთი ნაწილობრივ იზოლირებული სივრცეა სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა საზოგადოების ერთიანობა. ეს კარგად ჩანს უკვე ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე, სადაც თითქმის ყველა შემხვედრი მანქანა ჩერდება მოსაკითხად, რადგან აქ ყველა ყველას იცნობს და იმ წუთიდან, რაც თუშეთის ტერიტორიაზე შედგამთ ფეხს, თქვენც ამისი ნაწილი ხდებით.

მთაში ბარისგან განსხვავებით უფრო თავისებური ქცევის ნორმებია, რომლებიც უკავშირდება თუში კაცის ტრადიციულ ცნობიერებას. ამიტომ რამდენიმე საკითხში ჩვენი რჩევები მათთვის ვინც პირველად ადის თუშეთში საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება.

პირველ რიგში გასათვალისწინებელია ტრადიციული შეზღუდვები დღეობების დროს. ქალები ხატის კარზე არ დაიშვებიან და უფლება არ აქვთ რიტუალებში მონაწილეობის მიღების. მათ ასევე არ აქვთ უფლება გადააბიჯონ ხატის ტერიტორიაზე , ეს რამდენიმე მეტრი მწვანე მდელოა ნიშის გარშემო. საზღვარი ხშირად ქვებითაა აღნიშნული ან საერთოდ არ არის. ამიტომ კარგი იქნება ფეხით სიარულის დროს უცხო სოფელში შესვლისას იკითხოთ სად არის ხატი, რადგან ხატი ყველა სოფელს რამდენიმე აქვს. ერთი სოფლის შიგნით და რამდენიმე გარეთ.ეს გაადვილებს ურთიერთობებს ადგილობრივებთან და თავიდან აგაცილებთ გაუგებრობებს.ამ აკრძალვის ( და ნებისმიერი სხვა აკრძალვის) დარღვევას ტრადიციული მითოსური გაგებით სამყაროს წონასწორობის მოშლა მოსდევს და თუ ეს მუდმივად და ბევრ ხატში ხდება, მაშინ ბუნებრივი კატასტროფებიც არაა შორს, ასე სჯერათ თუშებს.

ურთიერთობების ეთიკა თავშეკავებასა და სტუმართმოყვარეობის პრინციპებზეა აგებული, მაგრამ გაითვალისწინეთ , რომ მთიან რეგიონებში ყველაფერი გაცილებით რთულია ვიდრე ბარში, დაწყებული გადადგილებიდან დამთავრებული საკვების მომზადებით და  მომარაგებით. დიასახლისების, მეცხვარეებისა და მეურნეების ყოველდღიური საქმიანობა დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს, ამიტომ აქ დიდად აფასებენ დახმარებას, უბრალოებას, სიდინჯეს და სხვებზე ზრუნვას. ამ თვისებების გარეშე ძნელია მთის მკაცრ გარემოში გადარჩენა და ჰარმონიული თანაარსებობა.

ასევე მნიშვნელოვანია პრაქტიკული რჩევები

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზა ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში და მსოფლიოში ყველაზე სახიფათო გზების სიაშიც მოხვდა ბი-ბი-სის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.გზა წარმოადგენს ურთულეს სეპენტინს რომელიც 3000 მეტრის სიმაღლეზე მიიკლაკნება. სავალი ნაწილი იმდენად ვიწროა, რომ შემხვედრი მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. ეს და კიდევ ბევრი დეტალი სერიოზული გამოწვევაა მძღოლისთვის რომელიც პირველად ადის ამ გზაზე კარგ ამინდში სრული ხილვადობის და სხვა ხელშემწყობი პირობების დროსაც კი. ყველაფერი გაცილებით რთულდება, როცა ხედვა ერთ მეტრამდე იზღუდება ნისლის და წვიმის გამო, რომელიც კაშკაშა ზაფხულის დღესაც კი შეიძლება დაგხვდეთ გზის მაღალ მონაკვეთებზე. გაზაფხულზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს პატარა და დიდი მეწყერი გზაზე, რომელიც ყოველი წვიმის შემდეგ იშლება, ხოლო შემოდგომაზე სავალი ნაწილის მოყინვა . გზა მაისის ბოლოს იხსნება და ოქტომბრის ბოლოს იკეტება. ომალო დანარჩენ სამყაროს მთელი 7 თვის განმავლობაში წყდება და კავშირს მხოლოდ მობილური კავშირით და საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის სამხედრო ფრენებით ინარჩუნებს.

. წვრილი ფიქალის ნამტვრევები , განსაკუთრებით საქონლის გადარეკვა-გადმორეკვის პერიოდში, საბურავებს ჭრის . ყველაზე გამოცდილი მძღოლებიც კი ვერ არიდებენ ხშირად თავს ამას . ამიტომ იქონიეთ სათადარიგო საბურავი და შეეცადეთ გზის იმ ნაწილზე იაროთ , სადაც აშკარად ჩანს სხვა მანქანების კვალი.

. გაზაფხულზე მცირე და დიდი მეწყერის საშიშროებაა გზაზე, განსაკუთრებით წვიმიან სეზონზე გზა ყოველი წვიმის შემდეგ იშლება და რამდენიმესაათიანი შეყოვნებები, სანამ ტრაქტორი გზას გაწმენდს, ჩვეულებრივი ამბავია. გამოსავალი მცირე ჩამოშლის შემთხვევაში  ისა რომ კარგად დატკეპნილ ნაშალზე გადასვლა გაბედოთ, რასაც ადგილობრივი გამოცდილი მძღოლები აკეთებენ.

. ნისლის და ზოგადად შეზღუდული ხილვადობის გამო, მკვეთრი მოსახვევები, დიდია საშიშროება იმისა რომ სავალი ნაწილიდან გადახვიდეთ და ვიწრო გზიდან ციცაბო ფერდობზე გადაიჩეხოთ.ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.

ასე რომ, თუკი მაინც გადაწყვეტთ მარტო ამ გზას შეეჭიდოთ, გაითვალისწინეთ რომ სახიფათო რისკზე მიდიხართ. მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილე და ძალების სრული მობილიზაცია არის გარანტი უსაფრთხო და მშვიდობიანი მგზავრობისა.

ასევე გაითვალისწინეთ!

. თუშეთში არ არის ბენზინგასამართი სადგური, არც არსად არ იყიდება საწვავი, ამიტომ თუკი საკუთარი მანქანით მგზავრობთ საწვავი უნდა მოიმარაგოთ. თუ გაუთვალისწინებელი მდგომარეობის გამო დარჩით უსაწვავოდ, სთხოვეთ ადგილობრივ მძღოლებს ბარიდან ამოგიტანონ, ჩვეულებრივ ერთი დღე მოგიწევთ ლოდინი .

. თუშეთში არ არსებობს ნარჩენების მართვის სისტემა და ინფრასტრუქტურა. ამიტომ გთხოვთ შეამციროთ თქვენს ჩანთაში შესაფუთი მასალის რაოდენობა და ატაროთ ნაგავი შემდეგ სასტუმრომდე . კარვის აშლის შემდეგ ნუ დატოვებთ ნაგავს რადგან ეს ნაგავი იქ სამუდამოდ დარჩება!

.გირჩევთ ყველა საჭირო ნივთი მოიმარაგოთ და არ ახვიდეთ თუშეთში იმის იმედზე რომ რაც დაგჭირდებათ იქ შეიძენთ. მაღაზია აქ ძალიან ვიწრო ცნებაა ძირითადად ლუდი, სიგარეტი და კოსერვები იყიდება.