ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
დიდოს ჯარი და თუში გმირები
ქუმელაურთა
დიდოს ჯარი წამოსულა ერთხელ თუშეთზე. ლაას რომ მოსულან, ორად გაყრილან. ერთი ნაწილი ხისოზე წასულა, ხისოს დასცემია და მეორე ნაწილს ქუმელაურთისაკენ აუღია გეზი. ჯერ ხისოში გატეხილა ხმა - ხისოს დაეცნესო და რაც რამე მეომარი იყო ქუმელაურთიდანაც ხისოს მიშველებიან. შეთეც ხისოს წასულა. ჯაო ამ დროს წისქვილში ყოფილა ხოშანეს. ამოსულა წისქვილიდან, დაფქული ამოუტანია ცხენით და ნახა, რომ ქუმელაურთას კაცი არ ჭაჭანებს, დიაც-ყმაწვილი ციხეებშია შეკეტილი. დედაკაცისთვის დაუძახნია, დიაცო, რა ამბავია ხალხი სად არისო და ხალხიო ხისოს წავიდა, დიდოს ჯარია ჩამომდგარი და იქ წავიდნენო. რაღა გვიანობისა იყო, მოუყრევინებინა ცხენისთვის საპალნეები, გადამჯდარა ზედ და გამალებულა ხისოსკენ. ცოკალთისთავ ჭირკვანაებში რომ ასულა გამოხედა და რას ხედავს, ქუმელაურთისთავ ჯარი ჩამოდის, სადაცაა სოფელში შევლენ. "ვაი შენს დედას, ბერიკაიზეო, სოფელიწ ჯარით ამსულაო" მოუბრუნებია ცხენი და ისევ უკან, სოფელში მოვარდნილა. ცხენი ჭალისკენ ჩაუქცევია და თავად ბანიდან ბანზედ გადაფრენით თავის ციხეში შევარდნილა. იქიდან დაუწყია თოფის სროლა. ორი თოფი ჰქონია ჯაოს, ერთს რომ ესვრის, ამასობაში ცოლი მეორესა სტენავს. თურმე ისე სწრაფად ესვრის, ლეკებს უფიქრია რამდენიმე კაცი გვესვრისო. თან თურმე შეთეს კარზე რომ მისულან, აქ დათვი დახვედრია ჯაჭვით დაბმული. აქ ჯაო ხალხს უხოცავს, აქ ეს დათვი, შეშინებულან, ესაო ცუდი ლიშანი იქნებაო და გამობრუნებულან.
წამოსულან ისევ აღმე. ჯაო გამოსულა ციხიდან და უკან მისდევს დიდოებს. მოუბრუნდებიან, გამოიქცევა, ვერც ტყვიას აწვდენენ, ვერც სახმლედ უდგებიან. არა და მისდევს, ესვრის და ხალხს უხოცავს. ეგრე აურეკია ლააში.
ამასობაში, ხისოსაც მიშველებია სხვა სოფლის ხალხი და იმათაც უკუქცეული ჯარი ლააში აურეკავს. ლაას ღელეში ერთად შეყრილა ეს დიდოს ჯარი და ზედვე თუშებიც მიჰყოლიან. იმ ღელეში ერთი დიდი ვაკეა, "ლეკთნაწყვეტს" ეძახიან, იქ დაღრევიან თუშები დიდოებს და უხოციათ.
იმ გახურებულ ომში შეთე და ჯაო შეხვედრიან ერთმანეთს. რამდენი მოჰკალიო - უკითხავს შეთეს. თოთხმეტიო - უთქვამს ჯაოს. "ოხ შე ძუა მგელო, ერთით გიჯობნიაო" და ისევ გადარეულან ჯარში თავთავის წილი დიდოს სახოცად. შეთე თურმე "ძუა მგელს" ეძახდა ჯაოს, - ომში ჯაო ისე არ დაინდობა როგორც ძუა მეგელიო. ჯაო პატარა კაცი ყოფილა, მაგრამ ისეთი სწრაფი, რომ ვერც ტყვიას ასწრებდნენ და ვერც ხმალს აწვდენდნენ თურმე.
გ. ცოცანიძე (სანდრო ბექურაიძის ნაამბობი).