დიკლო


სოფელი დიკლო(42°23′48″ ჩ. გ. 45°41′18″ ა. გ) მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე თუშეთში, ჩაღმა თემში, ზღვის დონიდან 2155მ.– ზე, მდინარე თუშეთის ალაზნის ხეობაში
სოფელი დიკლო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ალავერდის ეპარქიას. დიკლო შედგება 2 ძირითადი ნაწილისაგან: სოფ. დიკლო (2155 მ. სიმაღლეზე) და მისგან 2.5კმ.-ით დაშორებული დიკლოს ციხე (2130 მ. სიმაღლეზე), რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.
XIX საუკუნემდე სოფელი დიკლო ციცაბო კლდეზე, ამჟამინდელი დიკლოდან ორ კილომეტრში მდებარეობდა, რომელიც დაღესტნელების შემოსევის შედეგად განადგურდა. დიკლოს დაცემასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, 18 დღის მანძილზე 16 დიკლოელი აკავებდა თურმე ხეობაში შემოჭრილ მტრის 10 000-იან ლაშქარს (თუმცა ისტორიკოსების თქმით, ეს ციფრი გაზრდილია და მათი რიცხვი 4 000 -ს არ აღემატებოდა). სწორედ მას შემდეგ, რაც დიკლო დაეცა, სოფელმაც ადგილი იცვალა. უფრო სწორად სხვა ფერდობზე აღორძინდა. წლების შემდეგ მტერიც ნაკლებად შემოდიოდა, თავდაცვაც იმდენად აღარ იყო საჭირო. შესაბამისად ხალხმაც იოლად მისასვლელი ადგილი ირჩია. ძველი დიკლო კი ლეგენდად იქცა.
დღევანდელი სოფ. დიკლო განლაგებულია მთის ფერდზე. მისი ძირითადი სტრუქტურა არ არის გამორჩეული, თუმცა ცალკეული მიკრო უბნები ჩამოყალიბებულია როგორც დასრულებული არქიტექტურული ანსამბლი.


სოფლიდან დიკლოს ციხეზე მოხვედრა შესაძლებელია საფეხმავლო ბილიკით (2,3კმ). ციხე ამჟამად დანგრეულია, მაგრამ მისი გამორჩეული ადგილმდებარეობისა და სტრუქტურული თავისებურებიდან გამომდინარე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აღდგენის შემთხვევაში გვექნება განუმეორებელი არქიტექტურული ანსამბლი (ჩასატარებელია არქეოლოგიური გათხრები და აღდგენითი სამუშაოები). თავად სოფლის შიგნით, რამოდენიმე შენობისგან შემდგარი ურბანული ქსოვილი ჩამოყალიბებულია პატარა უბნებად.
დიკლოს ციხე-სიმაგრესთან ახლოსაა სასაზღვრო გამშვები პუნქტი. მესაზღვრე- თა თქმით, სწორედ აქედან იწყება რუსეთთან ნეიტრალური ტერიტორია. დიკლოსთან ახლოს გოგირდის მინერალური წყლებიცაა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები.
სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები.

გამოყენებული ლიტერატურა: ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგვა. სტუდია 21
ფოტო: სტუდია 21