ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
თუშეთის უნიკალურობას,ბუნებასთან ერთად არქიტექტურა განაპირობებს,რომელიც გარემოს ორგანული ნაწილია.მთებზე შეფენილი სოფლები და ციხე-კოშკები თუშების მიერ საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა.
თუშეთის უნიკალური არქიტექტურა
თუშეთი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთგვარ საბადოს წარმოადგენს. მასში ჯერ კიდევ ცოცხლობს ის ისტორიული ტრადიციები, რომელიც თუშური კულტურის საფუძველს ქმნის. თუშური ლანდშაფტი ბუნებისა და ადამიანის ქმედების ჰარმონიულ ნაზავს წარმოადგენს. რელიეფში ორგანულად ჩაწერილი თუშური სოფლები ერთიანობის განცდას ქმნის, სადაც თითქოს იშლება საზღვარი ადამიანის მიერ ხელთქმნილსა და ბუნებრივს შორის. უნიკალური გარემო, არქიტექტურისა და ლანდშაფტის შესანიშნავი შერწყმა გამორჩეულს ხდის თუშეთის კულტურულ ლანდშაფტს, როგორც დამოუკიდებელი ფასეულობის მქონე ფენომენს. თუშეთის სოფლებში ყურადღებას მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიმრავლე იპყრობს. თუმცა აქ მხოლოდ კულტურული ძეგლები არ წარმოადგნს ღირებულებას, არამედ ცალკეული სოფლის ლანდშაფტი, ურბანული ქსოვილი, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს ნაგებობები ქმნიან. თუშებს ძლიერი კავშირი აქვთ მშობლიურ სოფლებთან. ისინი, თავიანთი წეს-ჩვეულებებით და ცხოვრების წესით თუშეთის განუყოფელი ნაწილნი არიან. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული სოციო-კულტურული ფასეულობები ქმნის თუშეთის უნიკალურ ატმოსფეროს. თუშეთის ისტორიული ფასეულობები ძირითადად წარმოდგენილია არქიტექტურული ძეგლების სახით, რომლებიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.
თუშეთი საყოველთაოდაა ცნობილი ლანდშაფტური არქიტექტურით. მთის კალთებზე შეფენილი დასახლებები, ძირითადად 7 ტიპის ნაგებობა შეიძლება გამოვყოთ:თავდაცვითი კოშკი,საცხოვრებელ ციხე-კოშკი,საცხოვრებელი სახლი,სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა“ბოსელი“,ხატი ანუ სალოცავი,ეკლესია და აკლდამები.ნაგებობები იშვიათი სილამაზის მქონე გარემოს ორგანულ ნაწილს წარმოადგენს.
თუშეთის უნიკალურობას,ბუნებასთან ერთად არქიტექტურა განაპირობებს,რომელიც გარემოს ორგანული ნაწილია.მთებზე შეფენილი სოფლები და ციხე-კოშკები თუშების მიერ საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა.ისინი ირეკლავდნენ თუშეთის რთულ და ბრძოლებით სავსე ისტორიულ წარსულს.დღეს,უმეტესობა მიტოვებულია და მოუვლელობისაგან თანდათან ინგრევა.მათი უმეტესობა რუკებზე ნასოფლარებად აღინიშნება.მალე ისინი საერთოდ გაქრება თუშეთის კულტურული ლანდშაპტიდან.ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა, ბოჭორნა, ინდურთა, - ჩამოთვლილი 10 ციხე-სოფლიდან თითოეული უნიკალური ძეგლია, როგორც ისტორიული, ასევე - არქიტექტურული მნიშვნელობით, ამიტომ მათ დასაცავად და შესანარჩუნებლად პირველი ნაბიჯები იდგმება, კერძოდ: განხორციელდა ან პროცესშია გადაუდებელი სამუშაოები - ტოპოგრაფიული, არქიტექტურულ–არქეოლოგიური აზომვები, გეოლოგიური, კონსტრუქციული, არქეოლოგიური, ისტორიული და სახელოვნებათმცოდნეო კვლევები, რაც საფუძველს შეუქმნის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტების შექმნას.
ძეგლის რეაბილიტაციის კონცეფციის, რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის და მენეჯმენტის გეგმის შესადგენად აუცილებელია განისაზღვროს ამ სოფლების განვითარების ვექტორი, მათი ფუნქცია თუშეთის სირცითი განვითარების კონტექსტში და რეაბილიტაციის რიგობრიობის პრიორიტეტები.
თუშეთის უნიკალურ არქიტექტურის დამახინჯებას თავისი კვალი დაატყო თანამედროვე სამშენებლო მასალებმა და ტექნოლოგიებმა.
დღეისათვის ააიპ. „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ“ პარტნიორებთან- არქიტექტორული სტუდია „ არსი“ და კომპანია „გეოგრაფიკი“, თანამშრომლობით შექმნა ტრადიციული მშენებლობის სახელმძღვანელო, რათა თავიდან იქნას აცილებული უხეში დარღვევები არქიტექტურის მიმართულებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016-2017-
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული „მარკეტინგული და იურიდიული კონსულტაციების ხარჯი (24 01 01 04)“ ასიგნებების ფარგლებში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის
გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების №1182 საფუძველზე 18.08.2016-ში
გამოცხადდა ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული
დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესახებ კონკურსი
№CNT160000121, რომლის გამარჯვებული და შესაბამისად მომწოდებელი გახდა
შპს. „სტუდია 21“ და „გეოგრაფიკი“ 2016 წლის 2 ნოემბერს დადებული
ხელშეკრულების №569 საფუძველზე. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის გარდა,
პროექტი ითვალისწინებს თუშეთის 10 სოფლის და ქვემო და ზემო ალვანების
განაშენიანების რეგულირების გეგმების (გრგ) შემუშავებას.
დოკუმენტაციის წარდგენა მიმდინარეობდა სამ ეტაპად:
1. წინასაპროექტო კვლევა და სტრატეგიული განვითარების ხედვის კონცეფცია -
02.04.2017
2. გეგმარებითი დავალება - 02.07.2017
3. საბოლოო დოკუმენტაცია - 02.08.2018
ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში მდებარე სოფელ/ნასოფლარის: ჯვარბოსელი, შენაქო, ფარსმა, ომალო, ინდურთა, ეთელტა, დოჭუ, დიკლო, დართლო, გირევი, ბოჭორნა განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში გრგ) შემუშავების გეგმარებითი დავალების (შემდგომში გდ) პროექტი, რომლის მიზანია სოფლების მთელი ტერიტორიის გამოყენების პრიორიტეტების, ცალკეული გეგმარებითი ერთეულების განაშენიანების არქიტექტურული გეგმარებითი და სივრცით- მოცულობით მახასიათებლების,განვითარების მიზნებისა და სტრატეგიის თავმოყრა, რანჟირება და შეჯერება.
ამ და სხვა მრავალი მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას თუშეთის დაცული ლანდშაფტი,რომლის მიზანია შეინარჩუნოს და გაუფრთხილდეს წინაპრებისგან დატოვებულ მემკვიდრეობას.