ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
შამილის მოკავშირე მურთაზ ხანს ყურად არ უღია თუშების შემონათვალი გაფრთხილება
კახოს თინა
შამილის მოკავშირე მურთაზ ხანს ყურად არ უღია თუშების შემონათვალი გაფრთხილება "ფარსმას ვერ გასტეხო" და დიდი ჯარითა და ზარბაზნით წამოსულა თუშების დასასჯელად. პირველად ფარსმას მოსდგომია. ფარსმანელები ციხეში გამაგრებულან. მურთაზს ციხე მართლაც ვერ გაუტეხია და მისი აფეთქება განუზრახავს. მოუტანინებია საარაყე ქვაბი და თავისი მეომრებისათვის უბრძანებია, რომ ყველას თითო მასრა თოფის წამალი ჩაეყარა შიგ. ქვაბი გავსებულა. დაუწყიათ ამ ქვაბის ჩადგმა ციხის ლიბოში, მაგრამ ციხეში მყოფ ქალს, კახოს თინას, ერბოიან დურკში მანდილი ამოუთრევია, ცეცხლი მოუკიდებია და ჩარდახიდან წამლიან ქვაბზე ჩამოუგდია. ქვაბი აფეთქებულა და გარსშემოხვეული მტრის მეომრებისათვის დიდი ზიანი მიუცია. თინას თანვე ხელთ ხმალი აუღია, ჩარდახიდან გადმომხტარა და დაჰრევია მტერს.
ჯარის დიდი ნაწილი თუშებს გაუწყვეტია. მურთაზისათვის ამ ბრძოლაში წართმეული ზარბაზანი გვიანობამდე ინახებოდა სოფელ ჭეშოში.
"ფარსმაში ბროლის ციხეო, შიშის გაქანებს ქარიო,
შიგ სხედან თუშის შვილები, თოფის პირს აზდის ალიო,
ღმერთმა გაცხონოს, თინაო, შენ სულიმც იაღთ არიო,
თმას შემოიხვი მანდილი, წელთ შემოირტყი ხმალიო,
ჩარდახით გადმოფრენილმა შუა გახყარე ჯარიო,
თანავ გამოგყვნეს თუშები, კალოდ გალეწეს მკვდარიო,
უკვირდის დაღესტნელებსა თინაის ნაომარიო:
ანამ მკლავ როგორ უძლებდა, ან სამღარიან ხმალიო".