ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
თუშური ტრადიციული საკრავები არის: ფანდური, ჭიანური გარმონი, დაფი, სალამური და სტვირი
ტრადიციული მუსიკა და საკრავები
გიორგი ბოჭორიძის მიხედვით, თუშური ტრადიციული საკრავები არის: ფანდური, ჭიანური გარმონი, დაფი, სალამური და სტვირი.
ფანდურს აკეთებენ ვერხვის, ფიჭვის, კაკლისა, ფურცლისა, ღვიისა და სხვ.
- ,, ფანდურის დაკვრა" როცა უნდათ მას ჯერ ,,მორთავენ" შემდეგ დაუკრავენ კიდეც.
- უკრავენ სხვადასხვა ,,ხმას'' სახელდობრ:
- ჯარის ხმა - მტრის შემოსევის დროს უკრავენ.
- ჯოყოლას ხმა (ჯოყოლა ქისტი ყოფილა), ესეც ისევ ჯარის ხმაა.
- აყრის ხმა - ხალხის აყრის ხმაა.
- სიმღერის ხმა
- თამაშობის ხმა
- ტირილის ხმა. აქ ტირილის ხმა აღებული. იტყოდნენ ,,ეს წოვა დიაცის ხმა არის აღებული'' - ო; ,,ეს ჩაღმა დიაცის ხმა არის აღებული'' - ო. შამილის დაჭერის ხმა (,,შამილი ჯავრობს''- ო)
- ახალთაობის ხმა. ხარებასა და გოგიას ეხებოდა, 1905 წელი იმათი ხმა იყო დაჭერილი.
- დალაობის ხმა (კაცების გლოვა).
- მეცხვარის ხმა: ,,მეცხვარევ ცხვარი ჩრდილოსა, გაშალე, გაიფონოსა".
- ამავე ხმებს უკრავდნენ ჭიანურზე და სალამურზეც. თუშურ პატრიოტულ ბალადებში, როგორც წესი, წარმოდგენილია დასრულებული სიუჟეტი, რომელიც გადმოგვცემს გარკვეულ ამბავს (მაგ., ლეკების დამარცხებას სოფ. წაროსთან, დევდრის ანთას გმირობას დიდოელების შეპყრობაში, ბახტრიონის ბრძოლის ეპიზოდებს და სხვ.). აღნიშნულ ბალადებში სიუჟეტი ყოველთვის გამჭვირვალეა; გარდა ქართველი გმირი თავადების სახელებისა (ორბელიანი, ჩოლოყაშვილი, ერისთავი, ჩერქეზიშვილი და სხვ.), ჩამოთვლილია უბრალო ხალხის წიაღიდან გამოსული სხვა გმირების სახელები თუშეთის ყველა კუთხიდან: შველა შველაიძე, მეტი საღირიშვილი, დევდრის ანთა (წოვათიდან), შეთე გულუხაიძე, ზეზვა გაფრინდაული (ჩაღმებიდან) და სხვ. ისინი ბევრნი არიან და თითოეული მათგანი თუშეთისა და, შესაბამისად, საქართველოს გმირია.
თუშური პატრიოტული ბალადები ძირითადად ქრისტიანულ დღეობებზე სრულდება (დადალობა, ათენგენობა, ლაშარობა, გიორგობა, ნათლისმცემლობა და სხვ.), რომლებიც დღემდე ყოველ წელიწადს ტარდება თუშეთში. მათ ლაიტმოტივად გასდევს თუშთა სიამაყე სამშობლოს სადარაჯოზე დაღუპული იმ გმირების გამო, რომლებმაც დაიცვეს მშობლიური მიწა და ასახელეს წინაპრები; იმავდროულად, გამოხატულია რწმენა, რომ კიდევ გაიზრდება მათი სადარი შთამომავლობა, რომელიც მრავალჯერ ასახელებს სამშობლოს – საქართველოს. აღსანიშნავია, რომ პატრიოტული სიმღერები სრულდება მხოლოდ ქართულად, ხოლო სიმღერები, რომლებიც ეძღვნება მხოლოდ ერთ რომელიმე გმირს, სრულდება წოვურადაც, ჩაღმურადაც და ქართულადაც. ნიმუშად მოგვყავს ერთი ამონარიდი XX საუკუნის სახელგანთქმული მთქმელისა და შემსრულებლის, მოსე შავხელიშვილის, რეპერტუარიდან: „სახელოვანო ალგეთს ქალაქო, შემოგამწკრივეთ ტალავრის გუნდი! (2–ჯერ) ჩემო სამშობლო, წმინდა წმინდა ალაგო, ვიბრძოდით შენთვის – კვლავ დაგიბრუნდით!“
თუშურ სასიმღერო მელოდიებში ჭარბობს მინორული ტონალობა. განსხვავებით სასიმღერო მელოდიებისაგან, თუშური საცეკვაო მელოდია და ქორეოგრაფია – მაჟორული ჟღერადობითა და გამომსახველობით ხასიათდება.
სალამური, ტრადიციული მწყემსური მუსიკალური ინსტრუმენტი, და ქართული ფანდური მე-19 საუკუნეში შემოსულმა გარმონმა შეავიწროვა. ქალებმა გარმონის მუსიკალურ შესაძლებლობებს ვირტუოზულად შეუთავსეს თუშური მელოდიები და ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გამოყენებული ლიტერატურა: გ. ბოჭორიზძე. თუშეთი
ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვა. სტუდია 21
ფოტო: სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდიდან.