ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
ადამ ალვანელმა (ბობღიაშვილმა) მეორე მსოფლიო ომისას ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია “სამანი”
ადამ ბობღიაშვილი (ალვანელი)
ადამ ბობღიაშვილი (ალვანელი)დაიბადა 1912 წლის 12 მაისს, მაშინდელი თელავის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. ადამ ალვანელმა (ბობღიაშვილმა) მეორე მსოფლიო ომისას ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია “სამანი” (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები)და მათი მიზანი იყო საქართველო არ ჩარეულიყო ომში. სურდათ საბჭოთა სისტემა დაენგრიათ და აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. 1942 წელს 17 ოქტომბერს ამ ორგანიზაციის 17 ქართველი ახალგაზრდა დახრიტეს, მათ შორის 12 უნივერსიტეტის ასპირანტი და ერთიც სტუდენტი.
ადამ ბობღიაშვილი ხელიდან გაუსხლტათ(ისიც ასპირანტი იყო), მაგრამ მთაში ღალატის მსხვერპლი აღმოჩნდა, გასცეს მისი ადგილსამყოფელი და თუშეთში რამოდენიმე თუშ თანამებრძოლთან ერთად მოკლეს 1943 წელს. შემდეგ თავები დააჭრეს და თან წაიღეს. ადამის ნაწერების ნაწილიც გაუნადგურებიათ.
1941 წლის ზაფხულში შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით და მალე ეს მოძრაობა ფართოდ გაიშალა ქვეყანაში. ორგანიზაციის მიზანი იყო საბჭოთა წყობილების დამხობა, საქართველოს განთავისუფლება რუსეთისაგან რუსეთ-გერმანიის ომიდან ხალხისა და ქვეყნისათვის უვნებლად გამოყვანა.
,,სამანის” ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია თუშეთში მოქმედებდა. მას მეთაურობდნენ მიხეილ ზანდუკელის ასპირანტი გიორგი ქადაგიძე, პოეტი ადამ ბობღიაშვილი, გოგი ქააძე და მიხეილ იმედიძე. თბილისში შეთქმულების გაცემის შემდეგ ,,სამანელები” დაიქსაქსნენ და იძულებულნი გახდნენ იატაკქვეშეთში ემუშავათ. თუშთა მეთაურებმა რაზმებით თავი თუშეთს შეაფარეს, სადაც ანტისაბჭოთა პროპაგანდა გააჩაღეს.
იმ დროს გოგალე ხოხიაიძე 17 წლის შინსახკომის რაზმელი ბიჭი იყო. ,,სამანელებთან’’ გასაუბრების შემდეგ შეთქმულებს ისიც შეუერთდა. მოხუცი იხსენებს, რომ ყველა მამაკაცი, ვინც თუშეთში ცხოვრობდა სულით ,,სამანელი’’ იყო-ორგანიზაციას გულშემატკივრობდნენ და, როგორც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ კიდეც.
გოგალე ხოხიაიძე: ` 1942 წლის შემოდგომაზე ორგანიზაციის მეთაურები თუშეთში, სოფელ დოჭუში, ჩემს სახლში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. დოჭუ თუშეთშის ცენტრ ომალოდან უფრო მოშორებული და უსაფრთხო ადგილი იყო. პირველი კრებაც ჩვენი სახლის ეზოში გამართეს. კრებას 50 კაცი ესწრებოდა და გაგვაცნეს ორგანიზაციის წესდება, შემდეგ კი ,,სამანში” გაწევრიანებას მოვაწერეთ ხელი. შეთქმულების ჩახშობის შემდეგ ყველა-22 კაცი ვისაც ხელი გვქონდა მოწერილი, გაგვაციმბირეს.
დამსმენი და გამცემი ბევრი იყო. გაიცა ბრძანება, რომ ,,სამანის’’ მეთაურები დაეხოცათ. იძულებულნი გავხდით, შინსახკომის რაზმებისაგან დასაცავად სოფელი გაგვემაგრებინა. ამავე დროს თბილისში ორგანიზაციის მთავარ შტაბთან დაკავშირებაც ვცადეთ. მე ორ მოკავშირესთან ერთად გამაგზავნეს ბარში, სადაც უნდა გვენახა თელავის ,,სამანის’’ ხელმძღვანელი კიმო ლაგაზიძე, რომელიც თავის მხრივ, შეგვახვედრებდა მთავარი შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლაგაზიძემ 3 დღის წინ აეყვანათ.
მე ისევ თუშეთში დავბრუნდი. იქ უკვე დიდი არეულობა იყო. ორგანიზაციის ომალოს შტაბმა გვაცნობა რომ თელავის ჩეკას უფროსის, ალიოშა კვაშალის ხელმძღვანელობით შინსახკომის 250-კაციანი რაზმი ყადორის გზით შემოვიდა ომალოში, დიკლოსა და შენაქოში მდგომი ჯარებიც ომალოში გადმოისროლეს. სასწრაფოდ ჩატარდა ორგანიზაციის კრება და გადაწყდა, რომ უფროსობა ბარისაკენ უნდა წამოსულიყო. ბარში უფრო ადვილად დაიცავდნენ თავს, უფრო მეტი გასაქანი ექნებოდათ, ბოლოს და ბოლოს, ტყეს მაინც შეაფარებდნენ თავს. ,, სამანის’’ მეთაურების გამგზავრება გასაიდუმლოებული იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეგონა. ბობღიაშვილისა და იმედიძის თავების მომჭრელს თუშებმა ,,მეხაშე’’ შეარქვეს.
რაც შეეხება ,,სამანელთა’’ მეთაურების მკვლელს, მათე წვერაიძეს, იგი დეზერტი იყო ჩეკამ ამ საქმეში გამოიყენა შემდეგ დეზერტირმა აპატია. იმასაც ამბობდნენ, რომ წლების შემდეგ ისევ ჯიუტად იმიორებდა: ის სახლი რომ შემთხვევით გაცოცხლდეს, ისევ დავხოცავდიო. მათე წვერაიძის და სოფო კი იხსენებს : `იმ ამბების მერე ძალიან გულჩათხრობილი გახდა. ამ თემაზე საუბარი საშინლად არ უყვარდა. მხოლოდ სიმთვრალეში წამოსცდა ერთხელ- ისინი ყაჩაღები იყვნენ და საკუთარ თავს დააბრალონ, რაც მოუვიდათო. შეიძლება ცოლს მოუყვა ყველაფერი, მისი შიშით ჩემი რძალი მაინც ვერაფერს იტყოდა’’.
როსტომ ჩხეიძის მიერ მოძიებული ერთ-ერთი ვერსიით, მათე წვერაიძე შეიძლება არც ყოფილიყო მკვლელი-ბობღიაშვილი და იმედიძე ჩეკისტებმა დახოცეს, წვერაიძემ კი მკვლელობა თავის თავზე აიღო-როგორც ჩანს ხელისუფლებას ასე უფრო აწყობდა. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა წვერაიძიეს ბრალდება არ მოუხსნეს-ამ ქვეყნიდან ის მკვლელის სახელით წავიდა და საიდუმლოც (თუ მართლა რაიმეს მალავდა) თან წაიღო.
გოგალე ხოხიაიძე: დოჭუდან 1993 წლის 21 თებერვალს გავიდა ,,სამანის’’ მეთაურთა რაზმი: ადამ ბობღიაიშვილი, მიხეილ იმედიძე, გოგი ქააძე, არჩილ კიტოშვილი, დეკანოზ თავბერიძე და გამცილებელი-პეტო და ბიჭიკო ბუჟაიძეები. იმავე დღეს ჩეკას უფროსმა კვაშალმა მათ თორმეტკაციანი მდევარი დაადევნა ომალოდან. ,,სამანელთა’’ რაზმი საღამოს თორღვას აბანოს თავში დაბანაკდა. ღამით ორ ჯგუფად გაიყვნენ და დასაძინებლად ცალ-ცალკე წავიდნენ. მდევარი დილით დაესხა თავს. ერთი ჯგუფი-ბობღიაშვილი, თავბერიძე და იმედიძე ამოხოცეს მეორე ჯგუფმა ზვავის ქვეშ მოასწრო მიმალვა და მხოლოდ მეოთხე დღეს დანებდნენ. ცნობილია, მას მდევარი თუშების დანახვაზე აღმოხდა: ,,ყოჩაღ თუშებო, გაიმარჯვეთ თუშებზე’’.
სამივე ,,სამანელი’’ წვერაიძემ მოკლა. ღუბაქელიძემ კი თავები მოაჭრა. ეს ჩეკას უფროსმა კვაშალმა მოითხოვა იმის დასტურად, რომ ,,სამანელები’’ მართლა მოკლულები იყვნენ. თავმოჭრილ ბობღიაშვილსა და იმედიძეს გრძელი წვერი ჰქონდათ. ამ წვერებით მოჭრილი თავები ზურგჩანთაზე დაკიდეს და პოეტი არჩილ კიტოშვილი აიძულეს სოფელ ხისოდან ომალომდე ეტარებინა. მე ეს ყველაფერი თვითონ არ მინახავს , მიამბეს. ჩვენ ამ დროს საპატიმროში ვისხედით ნარჩომაანთ ბოსელში. ბოსლის თავზე კვაშალს ჰქონდა შტაბი. ერთ დღესაც ლაპარაკი მოგვესმა, დაპატიმრებულები მოიყვანესო.
ომალოში კვაშალმა მეორე დღესვე მოიწვია თუშეთის ოთხივე ხეობის მოსახლეობის კრება. ხალხს მოჭრილი თავები აჩვენეა შესაშინებლად-ვინც გაიმეორებს იგივე დღე მოელისო. შემდეგ კი კვაშალისვე ბრძანებით საბერაცოს გორიდან ალაზნის ხეობაში დააგორეს. მოკლულთა ტანები იმდენ ხანს ეყარა მკვლელობის ადგილას, ვიდრე მათგან ძვლებიღა არ დარჩა. მერე ვიღაცამ ერთი ძვალი ბობღიაშვილის დედას ჩამოუტანა. მან კი მალულად დამარხა ეზოში.
წყარო: https://tirine.wordpress.com/2018/03/30/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94/?wref=tp