“ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო, ალვანში თუშმა დაგფერა, მეფე ერეკლემ გაკურთხა, საომრად ჯვარი დაგწერა”.

დილოიძე და ხევსურის ხმალი


გადმოცემები დილოიძე და ხევსურულ ხმალთან დაკავშირებული ისტორია

“ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო, ალვანში თუშმა დაგფერა, მეფე ერეკლემ გაკურთხა, საომრად ჯვარი დაგწერა”.
ხალხური

ალბათ ბევრს მოგისმენიათ ეს ხალხური სიმღერა, მაგრამ ცოტამ თუ იცით ამ ხმალთან დაკავშირებული ისტორია.
მეფე ერეკლეს, როგორც ცნობილია, 200–მდე ომი ქონდა გადახდილი. საქართველოს ასაკლებად ხან ოსმალი, ხან სპარსი და ხან კიდევ ლეკი მოიწევდა. მტრისგან მოსვენება არ იყო. ერეკლეს ერთგული მეომრები თუშნი, ხევსურნი და ფშაველები იყვნენ. მათ ბატონყმობის უღელი არ ედგათ და ამიტომაც თავის სამშობლოს მედგრად იცავდნენ. მეფე აფასებდა მათ ერთგულებას და ყოველთვის უხვად აჯილდოვებდა. ასაჩუქრებდა მიწა–წყლით, იარაღით, თანამდებობის მიცემით, ან ფულით.
თუშური გადმოცემის მიხედვით, ერთხელ ასპინძის ბრძოლაში თუშმა – დილოიძემ თავი მეტად ისახელა. მეფე მისი გმირობით აღტაცებული დარჩა და მისი დაჯილდოება გადაწყვიტა. ერეკლემ დილოიძე თავისთან მოიხმო და ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ჯილდოთ მთელი წალკის ხეობა შეაძლია, დილოიძე უკმაყოფილო დარჩა და მეფეს უპასუხა:
– მიწა–წყალი რომ მინდოდეს განა ჩვენში მთა–ველი ცოტააო? მე მეომარი ვარ და უმჯობესია კარგი იარაღით დამაჯილდოო რომ უფრო უკეთ გამოგადგეო.
– რა იარაღი გინდაო? – ჰკითხა მეფემ.
ამავე ბრძოლაში თურმე თუშის მახლობლად ერთი სახელოვანი ხევსური – ძაღლუკა ხიმიკაური ბრძოლობდა. იგი თურმე ერთი გაქნევით თავისი ფრანგულით მტერს შუაზე ჰკვეთდა და საკმაოდ ბევრი მტრის მეომარი დაეხოცა უკვე. დილოიძეს ამ ხმალზე გული შევარდნოდა თურმე და ამიტომაც მეფის კითხვაზე პასუხგაუცემლად ძაღლუკას ხმალს მიაშტერდა.
მეფეს გულიანად გაეცინა, რადგან მიხვდა თუ რომელი ხმალი სურდა თუშ გმირს. ერეკლე მივიდა ხიმიკაურთან და ოქროს ზარდახშიანი თოფი და მიწა აჩუქა ხმლის სანაცვლოდ ხევსურ გმირს. ხმალი კი დილოიძეს გადასცა. არ ესიამოვნა კარგი ხმლის ხელიდან გაშვება ხიმიკაურს, მაგრამ ვერც უარი შეჰკადრა მეფეს.

{article_images}


ბევრ დროს არ გაუვლია. მტერი ისევ მოადგა საქართველოს. მეფემ მთასაც მოუწოდა საშველად. დილოიძე სიხარულით გამოსცხადებია მეფეს, რადგან მტრის კისერზე სურდა ახალი ხმლის გამოცდა. ხიმიკაური კი ჯიუობდა მეფესთან გამოცხადებას რადგან ნაწყენი იყო მასზე. ხევსურთა ლაშქარი კი უწინამძღოლოდ არ მიდიოდა. ბოლოს ხევსური დედაკაცებიც ჩაერივნენ. ერთმა ქალმა მანდილი მოიხსნა, ძაღლუკას გაუწოდა და უთხრა, რომ თუ ომში არ წავიდოდა მაშინ მოეხურა ეს მანდილი და დამჯდარიყო მათთან ერთად.
ეს კი ხიმიკაურისთვის მეტად საწყენი იყო. იგი იძულებული შეიქმნა ომში წასვლაზე დათანხმებულიყო. გამოეცხადა ხევსური ვაჟკაცი მეფეს, მაგრამ ფოლადის ხმლისმაგივრად ხის ხმალი ჰქონდა ჩამოკიდებული. მეფემ შენიშნა თუ არა ეს გულიანად გადაიხარხარა. უბრძანა თავის მხევალთ გამოეტანათ სამეფო ხმალი და ძაღლუკას გადასცა.
სწორედ ამ ფაქტთანაა დაკავშირებული ყველასთვის ცნობილი ხალხური სიმღერის ერთი კუპლეტი. ეს ამბავი უდევს საფუძვლად ამ მართლაც და საამაყო სიმღერის ერთ ნაწილს.
ცნობისთვის დილოიძის შთამომავლები დიდის პატივისცემით და მოწიწებით უფრთხილდებოდნენ. 1937 წელს ხმალი თელავის სახელმწიფო მუზეუმმა შეისყიდა, მაგრამ სამწუხაროდ ერთ დღესაც ეს ხმალი მუზეუმიდან უკვალოდ გაქრა. დღეს დღეობით შემორჩენილია ამ ხმლის ერთი ფოტოსურათი.
დილოიძე გმირად ამ მხოლოდ ხმლის ისტორიით არაა ცნობილი. ამ სახელოვან გმირზე ერთი ხალხური ლექსია შემორჩენილი. ამ ლექსებიდან ირკვევა, რომ იგი ლეკების სულთამხუთავია და მრავალი მარჯვენაც აქვს მათთვის მოკვეთილი.

გამოყენებული ლიტერატურა: ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, სტუდია 21