ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
დალაობა მამაკაცთა სამგლოვიარო ზარია, რომელიც სრულდებოდა და სრულდება ახლაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წლისთავის ხარჯს დოღით იხდიან.
დალაობა
დალაობა მამაკაცთა სამგლოვიარო ზარია, რომელიც სრულდებოდა და სრულდება ახლაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წლისთავის ხარჯს დოღით იხდიან. თუშური დალაობის მოტივი ერთხმიანი მოძახილია, ხოლო ტექსტი - თექვსმეტმარცვლიანი ურითმო ლექსი. დალაობა შინაარსობრივად, სიცოცხლეში, გარდაცვლილის საქმეთა სადიდებელსა და მისი სიკვდილის სინანულს წარმოადგენს. წლისთავის ხარჯის შესახებ ერთი კვირით ადრე შეატყობინებენ ნათესავებს, ზოგს ცხენიანად დაპატიჟებენ, ზოგს უცხენოდ. ეზოში გამოიტანენ მიცვალებულის ,,ფლასს“ ( ,,ფლასი“ არის საწოლი, სადაც აწყვია გარდაცვლილის სახელზე საკურთხი ტანსაცმელი და ჭურჭელი, ამ ყოველივეს მღვდლის კურთხევის შემდეგ გასცემს ოჯახი), რომლის გარშემო მოტირალი ქალები სხდებიან. ფლასსთან ძირს დაგებულ ტილოზე ალაგია სამი პური ცალ-ცალკე, რომელზეც დევს მოხარშული ხორცის თითო ნაჭერი. ფლასის წინ ტილოზე დაყრილია ქერი და იქვე დგას დოვიანი ბაკანი (ქილა) შიგ ჩადებული ქოჯოთი (სიმინდის ფოჩი).
მარცხენა მხარეს ალამს დაასვენებენ. ალამზე ჰკიდია თითო წყვილი წინდა, ქუროები, ჩითები და ხელით ნაკერი სათამბაქოე ქისა. ამგვარად დაგებული ფლასის წინ დგანან ცხენოსნები. ამათ შორის ლამაზი უნაგირით შეკაზმულ ,,სულის ცხენზე“, რომელსაც ხურჯინიც აქვს გადაკიდებული, ზის ,,მოდალავე“. სხვა ცხენები უბელოები არიან, ძუაგამონასკულები სარბოლოდ გამზადებულნი. მათ შორის ერთი დედისძმის ცხენია, ყველა ცხენოსანს ხელში ალუდიანი თასი უჭირავს. მოტირალთაგან ერთი მოხუცი ადგება და ცხენს ფეხებში ერთ მუჭა ქერს შეაყრის, ქოჯოთი ბაკანიდან (ქილა) დოვს მკერდზე მიაშხეფებს, ეს ორივე რიტუალი ცხენების პატივსაცემად სრულდება, ქერი -მუხლს აძლევს, ხოლო დოვი - ცხენის ძალის დემონსტრირებას ახდენს, რათა მზად იყოს დოღისთვის. მოდალავე მიცვალებულის სულს მოიხსენიებს და დაიწყებს დალაობას, სხვები მხოლოდ ბანს ეუბნებიან.