ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
სტატიის ავტორი: დიანა დუნდუა.
აქ თუშეთია
როდესაც ვმოგზაურობ, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ, თუ ჩავთვლი, რომ ნანახ-შეგრძნებულ-შემეცნებული ჩემთან ისე ახლოს მოვიდა, იმდენად აღმაფრთოვანა, აღმამაღლა, ბლოგს იმსახურებს, ვცდილობ თბილისს მობრუნებისთანავე, უმოკლეს დროში დავწერო და იცით რატომ? იმიტომ რომ იმ ზემოხსენებულმა აღფრთოვანებებმა, შეგრძნებებმა არ გამიაროს! საერთოდაც, განელებულ ვნებებზე წერა არ ღირს მეგობრებო, არა …
თუმცა ჩემმა პოსტ-პანდემიურმა, თუ გაგანია პანდემიურმა თუშურმა ვოიაჟმა სტერეოტიპები მიმილეწ-მომილეწა და რაც დრო გადის, ჩემი ემოცია დუღს, დუღს, გადადუღს … ჰოდა, მანამ სანამ, თავს ჯერ კიდევ ვთოკავ და ადეკვატურობა შემრჩენია, გიამბობთ იმაზე, თუ როგორ უპირობოდ ‘ჩავითუშე’ … ადეკვატურობა შემრჩენია მეთქი იმიტომ ვახსენე, რომ სხვა შემთხვევაში თუ ვჩქარობ, ვნებების განელების თუ მეშინია, თუშეთის ეფექტი, ლამის ორი თვის თავზე, უკუღმართული შეიქნა – რაც დრო გადის, თხემით ტერფამდე უფრო მეტად ვმძაფრდები!
მოკლედ, მეშინია დროის სრბოლასთან ერთად ‘ნამეტანი’ არ მომივიდეს და ეგებ აქ, ახლა გამომყვეთ #აქთუშეთია – ში!
თუშეთი
კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, დაღესტნისა და ჩეჩნეთის მოსაზღვრედ, ცაში გამოკიდებული, წარმოსახვას გამცდარი, ველური სილამაზე – თუშეთი, სადამდე მისასვლელი გზაც, 2013 წელს, მსოფლიოში უმსხვილესმა ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ BBC, ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა, სანახავია აბა რაა?! აგვისტო-სექტემბრის პერიოდში თუშეთში ჩასვლა 2-ჯერ მომიხდა, თანაც საოცნებო მივლინებით, ბრწყინვალე მეგზურებთან ერთად და ამ ყველაფერს, თუ დამიჯერებთ, ასმაგი ‘drive’ ახლდა. თან აღმოაჩენ, თან საქმეს აკეთებ, თან ადგილობრივები გიწევენ გიდობას, თან გრძნობ შენ, შენი მცირედი წვლილი შეგაქვს, ძალისხმევას არ იშურებ ჯერ კიდევ შეუცნობელი სააშკარაოზე გამოიტანო, საზოგადოებას გააცნო, დააინტერესო – აი, ამაზე მეტი ‘კაიფი’ მართლა სიგიჟეა!
აბანოს უღელტეხილი, თუშეთი, საქართველო
ყველაზე აქტუალური კითხვა #1 რასაც თუშეთმოვლილზე გეკითხებიან, ეს არის გზა! ღია მხოლოდ ივლისიდან ოქტომბრის შუამდე, ომალო-ალვანის ურთულესი, 72 კილომეტრიანი მონაკვეთი, განსაკუთრებულად მეწყერსაშიში ზონები 50-ე და 53-ე კილომეტრებზე, ზღვის დონიდან 2926 მეტრის სიმაღლეზე, აბანოს უღელტეხილამდე ასვლა-დაშვება, მგზავრობის 4 საათიანი პერსპექტივა – კი ბატონო, უექსტრემალურესი, უსაფრთხისშემცველესი, ნუ უსაშიშესი … და ისე ცაში წასვლა თუ გინდათ, თეთრად დახაზულ მოასფალტებულ ავტობანს რანაირად ელით? გზა ცამდე ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს და მისი გავლა მაშინაა ნაკლებად საშიში, თუ საჭესთან არის მინიმუმ პელე-მესის კალიბრის ტიპი (მე სასწაულად გამიმართლა) და რადგან ახლა ბლოგს ვწერ, ესე იგი შიშ-სტრესიც დამიძლევია, თან ისე, რომ უპირობოდ მზად ვარ იგივე მარშრუტი უთვალავჯერ განვვლო (გზის შესახებ მეტ-ნაკლები წარმოდგენის შესაქმნელად მიჰყევით ტექსტში მონიშნულ ბმულებს) …
კითხვა #2: რა ვნახოთ თუშეთში? – ყველაფერი, ხუთივე ხეობა: ჭანჭახოვანი, ჩაღმა, გომეწარი, პირიქითი და წოვათა. საყოველთაოდ ცნობილი სოფლების: ქვემო და ზემო ომალოს, შენაქოს, დიკლოს და დართლოს გარდა, რომლებსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ ხოლმე, უამრავი ადგილია სადაც უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის, ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტია შენახულ-შენარჩუნებული და სანახავია ცალსახად.
გამაოგნებელი ლანდშაფტური არქიტექტურა, მთის კალთებზე შეფენილი, სიპი ქვისგან, ყოველგვარი გასამაგრებელი ცემენტისა თუ მისთანების გარეშე ნაშენი, თავდაცვითი კოშკები, საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ე.წ. ‘ბოსლები’, ხატ-სალოცავები და აკლდამები ისეთი მისტიკაა, არ არსებობს არც ერთი სიტყვა, არანაირი გაჯეტი, არავითარი კამერა, რომელსაც ძალუძს ამ მშვენიერების აღბეჭდვა, თუმცა მაინც მიხარია ჩემს ემოციებს ფოტოებით რომ ვამყარებ.
სრულიად განსხვავებული სილამაზით გარემოცული ტრანშში ჩავარდნას თუ გადაურჩი, ნელ-ნელა ადგილობრივების, სულით მესაზღვრე, უვაჟკაცესი, უკეთილესი, სტუმართმოყვარე თუშების გაცნობას იწყებ და სადღაც მე-2 მე-3 დღეს თვალებმოჭუტული არაცნობიერში ეძებ წინა ცხოვრებაში თუში ხომ არ იყავი ვითომ? ჰა? (ნუ მე ზუსტად ასე დამემართა, ამ მეგრელ ქალს).
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე სიმშვიდეს ნელ-ნელა კარგავ, აბანოს უღელტეხილს მიღწეული 2 ღერ ნერვს ებღაუჭები, ეგებ ომალომდე ჩაგყვეს, ომალოში ჩასული ხვდები, რომ ის 2 ღერი ნერვიც აღარ გჭირდება (დადებით კონტექსტში) და აი წოვათის ხეობა გადალახულმა კი უკვე ზუსტად იცი რომ ხარ ‘უშიშარი, ვითარცა უხორცო’!
როგორც საუბრის დასაწყისში ვახსენე, თუშეთში გზა წლის მანძილზე მხოლოდ 4-5 თვეა ღია. უმკაცრესი კლიმატური პირობების გამო, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი თუ რჩება ზამთრის პერიოდში მთაში. მოსახლეობის უმეტესობა ბარში იზამთრებს, თუმცა სეზონის მოსვლისთანავე მათი დაუდგრომელი სული, სისხლის ყივილი, წამსვე ეძახით, მთისკენ ინაცვლებენ და კვლავ ერთ მთლიანობად იქცევიან … მგონი სიტყვა ძალიან გამიგრძელდა და ახლა შევეცდები ბლოგში ქრონოლოგიურად აღვწერო ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ განვლილი გზა. ცხადია ყველა კუთხე-კუნჭულს ვერ მოვიცავ, მაგრამ რაც ვნახეთ ესაა და ეგებ თქვენც აგვედევნოთ …
ჰოდა, კიდევ მანამ სანამ უშუალოდ #აქთუშეთიაზე გადავალ, ეს მადლიერების კასკადი #აუცილებლადწასაკითხია
ამ უნიკალური შანსისთვის უდიდესი მადლობა პირველ რიგში ჩემს სამსახურს, USAID/Zrda-ს; ცამდე მადლობა ჩემს მეგზურებს: თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ზაზა ლაგაზიძეს, რომლის ძალისხმევისა და ჩართულობის გარეშე ეს თავგადასავალი უბრალოდ ვერ შედგებოდა; საოცარ გიდს და ზოგადად ‘თუშეთოლოგს’ თინა იდიძეს; ქეთი რეხვიაშვილს, სასიცოცხლოდ საჭირო სიმშვიდისთვის, რისი წყალობითაც ჩემი ზღვარგადასული, უკონტროლო ემოციის მეტ-ნაკლებად კონტროლს ვახერხებდი, ან ვერც ვახერხებდი, არ/ვერ ვიცი; მიშა ჩომახიძეს და კახა ჯიმშიტაშვილს, რომელთა სუპერპროფესიონალიზმმა უსაფრთხოება-დაცულობის შეგრძნება ყველას ისე გაგვიმძაფრა და გაგვათამამა, ტოტალური უგზოობა და მდინარეების გადალახვ-გადმოლახვა ძალიან ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიეთ; რაღა თქმა უნდა, უჩა ვარამაშვილს, დაუზარელობისთვის, ისტორიებისთვის, იუმორისთვის და დროის უზუსტესად მენეჯმენტისთვის.
მოგზაურობის პერიოდი: აგვისტო-სექტემბერი, 2020 წელი.
გაჩერება #1: ომალო, ჩაღმის ხეობა, მისტიკური კესელო და მისი ღირსეული მცველები, ანზორ და ნუგზარ იდოიძეები – ომალოს მშვენება და ცენტრალური სანახაობაა კესელოს ციხე-ქალაქი, სადაც გიდობა ძმებმა იდოიძეებმა გაგვიწიეს და მოგვიყვნენ, მე-18 საუკუნით დათარიღებული კომპლექსის შესახებ, რომელიც თურმე 13 კოშკისგან შედგებოდა და გადმოცემის მიხედვით, შამილისა და ლეკიანობის დროს სოფელი აქ იხიზნებოდა, აქედან იბრძოდა.
შემდგომ, შეიძლება ითქვას, ყველა კოშკი მიწასთან გასწორდა, თუმცა იდოიძეებმა 2001 წელს ფონდი „კესელო“ დააფუძნეს, ევროპელი და ქართველი ქველმოქმედები მოიძიეს და ერთიანი ძალისხმევით 6 ციხე-სახლი აღადგინეს. ერთ-ერთ მათგანში ეთნოგრაფიული მუზეუმი ფუნქციონირებს და ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძის მონათხრობის მოსმენა თუშური ყოფა-ცხოვრებისა თუ უძველესი პიქტოგრამების შესახებ, ანუ როგორი იყო კოსმოგონიის (სამყაროს შესაქმის) წარმოდგენა თუშეთის ტრადიციულ მითოსურ ცნობიერებაში, ერთი სიამოვნებაა.
აქვე, არ გეგონოთ 6 კოშკის რეაბილიტაციით შემოიფარგლოს კესელოს აღდგენა, ეტაპობრივად ყველა კოშკი აღდგება და ციხე-ქალაქსაც ახალი სიცოცხლე შთაებერება.
გაჩერება #2: შენაქო, ჩაღმის ხეობა (ომალოდან 8 კმ) – შენაქო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია. უვიწროესი ქუჩებით, ზაფხულისა და ზამთრის საცხოვრისებით, მე-19 საუკუნით დათარიღებული უმშვენიერესი, მრავლისმთქმელი ტაძრით და თუ აქ თქვენ ცირცელის ყვავილობის სეზონზე, ანუ ადრეულ შემოდგომაზე მოხვდით, ესე იგი სასწაულად გაგიმართლათ! ჰოდა, ომალოდან მიუხვიეთ, მოუხვიეთ, მიჰყევით ბილიკებს, მერე ციცაბო აღმართს აჰყევით, შემდეგ დაღმართს ჩამოუყევით და ოპააა – შენაქოში ხართ მეგობრებო … დანარჩენზე კი ფოტოებით ვისაუბროთ.
გაჩერება #3: დიკლო, ჩაღმის ხეობა (ომალოდან 15 კმ) – ეს არის სოფელი ზღვის დონიდან 2150 მეტრზე … მოჩუქურთმებული აივნებით, ყოველ ნაბიჯზე სიძველის კვალი რომ ატყვია და დამშვენებულია მთაზე შემორჩენილი ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებით, აი თავის სიდიადეს და დიდებას უშორესი მანძილიდანაც რომ შეგაგრძნობინებს.
მოკლედ, დიკლო არის ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის შერწყმის უბადლო მაგალითი და შესაბამისად #აუცილებლადსანახავია.
გაჩერება #4: დართლო, პირიქითის ხეობა (ომალოდან 18 კმ) – მიეგებეთ, მისი აღმატებულება დართლო! სრულიად თუშეთი ისე გშოკავს, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გგონია, არა კი არ გგონია, ზუსტად იცი, უკვე თვალშევლებულზე მომნუსხველი, შთამბეჭდავი რაღა უნდა ნახო? თუმცა ნწ – თუშეთის ეფექტი ფეხდაფეხ ჯიუტად გეპარება და საკუთარ მისტიკურობას, ნებისმიერი მიმართულებით გახედვისთანავე, თავიდან გიმტკიცებს!
სწორედ ეს ეფექტი შემომალეწა სახეში დართლომ, ავწიე თავი და უნებლიედ აღმომხდა – „აუ, კარგით რაა, ამ მასშტაბის კონტრასტული სილამაზეების შემყურეს, გული ხომ არ გამისკდება ნეტავ?“ ნუ რადგანაც აგერ ამბავს გიყვებით, გულიც ჯერჯერობით ფეთქავს, ჰოდა მინდა თქვენც განახოთ დროსა და სივრცეში ჩაკარგული ირეალური რეალობა – დართლო და მიმდებარე სოფელი ჭეშო …
ეს საინტერესოა: დართლოს უზენაესი სასამართლო, საბჭეო – ფოტოზე აღბეჭდილი ნახევარწრიულად განლაგებული ქვის საკამები 12 უხუცეს მსაჯულს ეკუთვნოდა.
იქვე, მათთვის მიჩენილ ადგილებზე განლაგდებოდა მუხლმოყრილი – მოსარჩელე, მოწმე და ბრალდებული, ჰოდა, კიდევ შორიახლოს შემოკრებილი ხალხი, ნუ სეირის მაყურებლები რა, ასე გამოდის. პროცესის დაწყებამდე სრულდებოდა ფიცის რიტუალი: პროცესის თითოეული მონაწილე, საფიცარი ქვის ქვეშ აგდებდა ულვაშის თითო ღერს, შემდგომ კი ადათებრივი სასამართლო პროცესი დაწყებულად ითვლებოდა. ჰოოოდა, ახლა კი ყველაზე საინტერესო ამბავი: XVIII საუკუნის ბოლოს მთავარი ბჭე-მოსამართლის (ე.წ. თავბჭეს) სავარძელი ეკავა, ცნობილი თუში სახალხო გმირის – დევდრის ანთას სიბრძნითა და გონიერებით გამორჩეულ ასულს! დიახ, დიახ ასულს, ანუ ქალს, ანუ გოგოს, ანუ დიაცს! ჰოდა, თუშეთში გენდერულ თანასწორობა-უთანასწორობაზე სჯობს არავის გაუჭედოთ და ‘შეებათ’, აქ რომ გოგოების შეფასებ-დაფასება იციან, ტყუილია. p.s. სასამართლოს ყველაზე დიდი სასჯელი თემიდან განკვეთა იყო, განკვეთილები, ძირითადად, ჩრდილო კავკასიაში გადაიხვეწებოდნენ ხოლმე.
გაჩერება #5: ბოჭორნა, ყველაზე მაღალი დასახლებული ალაგი ევროპაში, გომეწრის ხეობა (ომალოდან 12 კმ) – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ყველაზე მაღალ, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე, მდებარე დასახლებულ პუნქტში მთელ ევროპაში – დიახ, სოფელი ბოჭორნაა ეს და აქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები, 80 წლის ირაკლი ექიმია (ხვედაგურიძე).
2014 წლამდე ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ალაგად სვანეთში, ზღვის დონიდან 2060–დან 2200 მეტრამდე მდებარე სოფელი უშგული ითვლებოდა, თუმცა ირაკლი ექიმის ბოჭორნაში მუდმივმოსახლეობამ მას ეს სტატუსი ჩამოართვა და სვანები გაანაწყენა. თუმცა, ფაქტია და ნამდვილი, რომ ბოჭორნა უფრო ახლოსაა ცასთან ვიდრე უშგული, ასე რომ …
გაჩერება #6: დოჭუ, გომეწრის ხეობა – თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე შეფენილ დოჭუს, პირდაპირ ბოჭორნას გადმოსახედიდან რომ დახედავ, თვალებს კი ვერ უჯერებ? აქაურობა ცოტა ზღაპარს გავს და იმიტომ. ამ ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, პიტალო კლდეზე ან სამშენებლო მასალა როგორ აიტანეს? ან რატომ გადაწყვიტეს ამ დღემდე სრულიად მიუვალ ადგილას დასახლება? ან ამ აღმართ-დაღმართებში სირბილი არ სწყინდებოდათ?
ისტორიული წყაროებისა და ადგილობრივების მონათხრობით, თურმე დოჭუელებს ბატონი არასოდეს ჰყოლიათ. ამქვეყნად მოვლენილებს კი უდიდესი მისია ჰქონიათ – მტერი პირველებს უნდა შეემჩნიათ, პირველებივე შეჰბმოდნენ, დაემარცხებინათ ან თავად შეჰკვდომოდნენ. სწორედ ამ მისიის შესასრულებლად, აქაური დედები ხელსაქმისას მიწაში პალოს ასობდნენ, ზედ კი ჩვილებს აბამდნენ, რათა პატარები უნებურად ციცაბო კლდიდან არ გადაჩეხილიყვნენ. უკვე ფეხადგმულებს უმალ ხმლის ქნევაში წვრთნიდნენ, სამშობლოს დამცველ ვაჟკაცებად აყალიბებდნენ და მათი სიმამაცეც მათივე სხეულზე ნაჭდევების სიმრავლით იზომებოდა თურმე! ვახ, ცოტა ჟრუანტელმა ხომ დაგიარათ? არ მითხრათ არაო, მაინც არ დაგიჯერებთ!
ეს საინტერესოა: მითიური თებჟორიკას ისტორია – თუშების რწმენა-წარმოდგენების თანახმად, თებჟორიკა მდედრობითი სქესის, ულამაზესი ავსულია, რომელსაც ფეხები უკუღმა ჰკერებია, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს კიდევ ჯერ ხიბლავდა და მერე ლამის გუდავდა – კოცნითო ამბობენ! მოკლედ, ამ ისტორიას ჩემზე გაცილებით უკეთ აი ამ ბმულზე წოვათუში ბატონი ზაზა ლაგაზიძე ყვება, ჰოდა არ გამოტოვოთ, თორემ ინანებთ!
გაჩერება #7: წარო და მისი აკლდამები, წოვათის ხეობა (ომალოდან 20 კმ) – ფოტოებზე აღბეჭდილია შუა საუკუნეებით დათარიღებული სოფელი წაროს არქიტექტურული კომპლექსი და მისი აკლდამა-საყდრები. მოკლედ აქ, აი ამ აკლდამებში, საუკუნეების წინ, ყვავილითა და შავი ჭირით დასნებოვნებული ადგილობრივები თავად მოდიოდნენ და აღსასრულს აქვე ელოდნენ (შემორჩენილია ძვლები).
გაჩერება #8: ინდურთა, წოვათის ხეობა (ომალოდან 28 კმ) – მეგობრებო, თქვენს წინაშეა ხილული საოცრება, როგორც ჩვენი დიდი მეგობარი, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, წოვათუში ზაზა ლაგაზიძე ამბობს: ჟამთაგან ხელხლებული და კაცთაგან ხელუხლებელი წოვათის ხეობა, სოფელი ინდურთა!
ინდურთა ნასოფლარია, განლაგებული მაღალკლდოვანი მთის უკიდურეს ნაწილში, მდინარე თუშეთის ალაზნის ნაპირას. აქ სამ ათეულზე მეტი ნაგებობაა შემორჩენილი, რომელთა დიდი უმეტესობა ნანგრევებადაა ქცეული, რაც უმალვე მიგვანიშნებს, რომ ადამიანის მოდგმას მრავალი წელია აქ აღარ უცხოვრია, თუმცა უკლებლივ ყველა წოვათუშის უდიდესი ნატვრა, სწორედ საკუთარ ფესვებთან დაბრუნებაა.
ბლოგში მრავალგზის ნახსენები ზაზა ლაგაზიძის დიდი ძალისხმევით ინდურთამდე მისვლა უკვე მანქანით არის შესაძლებელი და ვინ იცის, ეგებ რამდენიმე წელიწადში ამ ზღაპარსაც დაუბრუნდნენ მუდმივმაცხოვრებლები…
ეს საინტერესოა: მეცხვარის და მეძროხის ბინა წოვათის ხეობაში – არასოდეს ჩათვალოთ თუშეთში მოგზაურობა სრულყოფილად, თუ მეცხვარისა და მეძროხის ბინაზე არ მიხვალთ, იქაურ ყოფა-ცხოვრებას არ გაეცნობით, მათივე მორთმეულ უნიკალურ და ავთენტურ გუდის ყველს, ჩობან ყაურმას, ხავიწს, გორდილას, მათრობელა ბეგქონდარას ჩაის და ალუდს არ დააგემოვნებთ!
საოცარი მისტიკაა ხალხოოოოო, აქ დრო და სივრცე სრულიად არეულია, არ არსებობს არავითარი სატელეფონო თუ ინტერნეტ კავშირი, ხარ სადღაც შორს მომაბეზრებელი ცივილიზაციისგან, სრულიად კრისტლაურ სამყაროში, ენითაუწერელი, ჯადოსნური სილამაზით გარემოცული და ჯერ ბუნდოვნად, მერე კი უკვე ომახიანად ჩაგესმის სუპერსტუმართმოყვარე მასპინძლის შეძახილი – გწყააააალობდესსსსს! მიჭირს ჩემი ემოციის სრულყოფილად გაზიარება, აღარც ინტელექტუალური და აღარც ტექნიკური რესურსი მყოფნის ამისთვის, თუმცა სიტყვაზე უნდა მენდოთ – რაღაც სამოთხისმაგვარი ამბავი ხდება აქ!
გაჩერებების რაოდენობას რა გამოლევს თუშეთში, მაგრამ არ მინდა უგრძესი ტექსტებით თავი მოგაბეზროთ და გომეწრის ხეობაში მდებარე ჩემს მიერ ნანახ კიდევ 2 სოფელზე, ჯვარბოსელსა და ვერხოვანზე (ეს უკანასნელი საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამებთ მოკლული, გიორგი ანწუხელიძის სოფელია) უკვე ფოტოებით გიამბობთ … ხანდახან მეფიქრება, რით დავიმსახურეთ ან დავისმახურეთ კი ეს ყველაფერი?!
ეს საინტერესოა: ‘ცოდვილა-უპატრონოების’ მოხსენიება – გენეტიკურად და სულით ხორცამდე მესაზღვრე თუშებისათვის ტრაგიზმი გაცილებით ახლობელი იყო ვიდრე ბედნიერება … პატარძალსაც კი შავი კაბა სცმია ქორწილში, რადგან, როგორც ეთნოგრაფმა ნუგზარ იდოიძემ გვითხრა, მამაკაცები ‘ზარალიანები’ იყვნენ (ანუ მამაკაცთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი მაღალი ყოფილა, ხან მომხდურთან ბრძოლისას იხოცებოდნენ, ხან ზვავი წამოეწეოდათ და ხან კიდევ რა უბედობა დაატყდებოდათ თავს) და მეუღლეები წინასწარ გლოვობდნენო. ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც როდესაც მიცვალებულსაც ვეღარ პოულობდნენ, ან ზოგსაც პოულობდნენ მაგრამ უკვე მისი ახლობლების მოძიება უჭირდათ. ჰოდა, როდესაც თუშები სუფრას მიუსხდებიან, ერთ გენიალურ სადღეგრძელოს, ‘ცოდვილა-უპატრონოების’ მოსახსენიებელს შესვამენ ხოლმე – უშვილძიროდ გადაგებულთა, მალე დავიწყებისთვისთვის განწირულთა უკვდავსაყოფად!
ჰმ, სევდიანობაა, მაგრამ ამას რომ გაიგებს ადამიანი, რაღა გადაავიწყებს?
და სულ ბოლოს, როცა სიტყვები სრულიად უადგილოა … ირეალური თუშეთი!
მოკლედ, პრინციპში რაღა მოკლედ, მაგრამ ამ ბლოგში ვეცადე თუშეთის უსასრულო თავისუფლება თქვენც შეგეგრძნოთ, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახს, მაინც ვერაფერი შეედრება! იმედია ერთი სიცოცხლე მეყოფა, რომ ეს დიდებული მხარე სათანადოდ გავითავისო!
სასარგებლო რჩევები:
- თუშეთში ასასვლელად აუცილებელია უგამოცდილესი მძღოლი, 2 ხიდიანი მანქანა და ემოციების მართვა;
- დარჩით თუშეთში მინიმუმ 5 დღე;
- წაიღეთ თბილი ტანსაცმელიც, თხელი ტანსაცმელიც და მინიმუმ 3 წყვილი კომფორტული ფეხსაცმელი;
- თქვენი თუშეთში მოგზაურობა იქნება სრულყოფილი, თუ ადგილობრივ გიდს დაიხმარებთ (ერთ-ერთი სუპერ გიდის კონტაქტს აქვე გაგიზიარებთ: თინა იდიძე, ტელ: 599 223 090; ელ-ფოსტა: tinikoididze@gmail.com);
- თუშეთში ღამისთევა შეგიძლიათ როგორც 5 ვარსკვლავიან „სამზეოში“, ისე თქვენივე კარავში, თუმცა აქვე გაგიზიარებთ ჩემს მიერ მოწონებულ რამდენიმე სასტუმროს: „შინა“; „ნაბადი“; „კოშკში“; „ბილიკი“; „მგზავრი“; „ტიშე“; „ქეთოს სასტუმრო“; „მირგველა“; „პოშოლი“; „ქომიტო“; „ცეცე“;
- სანამ თუშეთში წახვალთ აუცილებლად გადაათვალიერეთ ეს ვებ-გვერდი: tushetipl.ge .