ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
თუშური ნატირლების შეკრება გასული საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. შესაბამისად, მათი ბევრი ნიმუშია შემორჩენილი. თითოეულ მათგანში გადმოცემულია ენით აღუწერელი დარდი, ტკივილი და მოწიწება
ხმით ნატირლები
ყოფნა-არყოფნის მარადიული თემა, სიკვდილთან დამოკიდებულება განსაკუთრებით კარგად ჩანს მთის ხალხურ პოეზიაში. მას მიეკუთვნება სამგლოვიარო პოეზიაც. ამ მხრივ გამორჩეულია ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მთიულეთ-გუდამაყარი და ხევი. მთა ოდითგანვე იყო ნამდვილი და მარადიული ღირებულებების საუნჯე და საცავი.
სამგლოვიარო პოეზია ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ორი ტიპისაა- არაკანონიკური და სარიტუალო ანუ წესჩვეულებითი. მათი აღრევა არ არის მართებული. მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ დატირების ტრადიცია საქართველოში სხვადასხვა კუთხეში სხვადახვა ტირილით აღინიშნება. არსებობს: ხმით ტირილი, ზარით ტირილი, ძახილით ტირილი, დათვლით ტირილი და სხვა.
რაც შეეხება დატირებას, თუშეთში ეს ხდებოდა გარდაცვლილთა ასაკის, წოდებისა და მდგომარეობის შესაბამისად. ეს ტექსტები, ისევე როგორც ფშავ-ხევსურეთში, იმპროვიზირებულია. ძირითადად ქალთა შემოქმედებას ეკუთვნის. აგებულებით, რითმით, შინაარსით და ფორმით საგრძნობლად განსხვავდება ფშავ-ხევსურულისგან. ეს არის ურითმო 12 მარცვლიანი ლექსი, ზოგჯერ სტრიქონში 13-14 მარცვალიცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას მოტირალი ისე წარმოთქვამს, რომ 12 მარცვალზე გაანგარიშებულ მელოდიაში ჩატიოს. გვხვდება ათმარცვლიანი სტრიქონიც, ამ შემთხვევაში მომტირალი მელოდიას დაქვითინებით ან ამოოხვრით ავსებს. როგორც სხვა მხარეებში, აქაც სამარცხვინო იყო მცირეწლოვანი შვილის დატირება.
დედის მიერ დატირებული შვილის ასეთი ნიმუში შემოინახა თუშურმა ფოლკლორმა:
“იარ, დედო, იარ, დაგიღამდებისავ,
ხარივ ცუტუნაი-დ დაგეშინებისავ,
გზა შორს იტყვიანავ მაგ სულეთისასავ.
მეამც მახედვიავ შენებ მგებრებიზდავ,
ან ცხენ ვისა ჟჯობდავ ან მჴედარ ვისაივ,
ან მოგივიდნესა დართლოელთ ბიჭებივ,
ცხენებ ან მოყარეს, ლაგამდორდლიანნივ
ვინამ დაგპატრონდა, შვილო, ცუტუნა^ოვ,
ვინამ შეგირეკავ ცხენის ტახტზედავ,
ვინ გადაგიყვანავ პირიქითისაკევ,
ვინამ გავიწყებსავ ამ მზის ქვეყანასავ.
სიდამ რა დახვალივ დედამკვლევიარეივ,
ვისამ შე^ყუდნებივ დედაგონებითივ.
ასევე სირცხვილად ითვლებოდა ცოლისგან ქმრის დატირება, თუ მაინც ტიროდა ცოლი ქმარს, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად მოიხდიდა ბოდიშს:
მეაც უნდ ვიტიროვ, მეაც დია^ცებოვ,
ქმარიავ, მაგრამ მე არას მცხვენისავ.
კაც გან ყველა^ კაციავ, ვისაც ქუდ ხურავავ,
ან ჯალაობაივ, ჯალაობისადავ.
ზოგ კაცსავ ზოგ მათრახ ჯობავ,ზოგ კაცის ნაჭერივ,
ზოგსავ ზოგ ნაბად ჯობავ ზოგ-ზოგის ნახურივ.
ხ(ჴ)არებ დამაკვები, ხ(ჴ)არებ ხალიზითავ,
ხ(ჴ)ვნად ამოგივალივ, დასაბნელებელმავ.
წუხრ კი გავათენე წუხრინდელ ღამეივ,
ვეღარ გავათენებ საღამოდ ღამესავ,
შენაღ ჩამომიხვიდ, ჩემო ქმარიზძმაო,
მეჴს ჩამომიჯდიდი-დ’ შენ გამამაგრდი.
განსაკუთრებით ტიროდნენ უძეოდ დაღუპულ მამაკაცს. ზოგჯერ,ნატირალში იხსენიებენ მიცვალებულის მგებრებს, ანუ სულებს, რომელნიც მიცვალებულს მიეგებებიან საიქიოში (იგულისხმება დედის ძმები ან ნათესავები). ყურადღება ძირითადად მახვილდება დაღუპულის ვაჟკაცურ თვისებებზე, როგორც შემდეგ ნატირალში, რომელიც ჩიღოელ სახელოვან ვაჟკაცს მიეძღვნა:
კარს გამოსრულხარ , შენ, კაცო კარგა^ოვ
ად-სახელიანოვ, ხმაამბანიაანოვ,
იახლ ჩამომსხდარივ, ქორო , ქანდარითივ,
ახლა კი მოგიშლიავ, არწივო , ბუდეივ.
თუშეთში არც თუ ისე იშვიათი იყო უცხოთემელთა დატირების შემთხვევებიც. მაგალითად, შემდეგი ნატირალით უცხო მხარეში (თუშეთში) მომკვდარი ფშაველი წმყემსი დაუტირებიათ. ის თუშეთში მომკვდარა და მისი სოფელი, ან თემი არ სცოდნიათ, რომ მისი ახლობლებისთვის შეეტყონინებიათ. თუშებს მწყემსი გაუსვენებიათ და შენაქოში ცნობილ ქედაანთ დედას დაუტირია:
ფოთოლიმ ხარიავ, ქარის მოღებულივ,
ტაროშიმ ხარიაავ, წყლის ნარიყალა^ივ,
რა ცოდვილა^ ხარივ , მოგიკვდეს დედაივ,
რა არავინ გყავის თავის ხორცისაივ.
დედამამც გიტირისავ, დამან დაძმობითავ,
რა არავინ გყავის, რა არავინ გტირის,
აქ სიდ უნდ დი^მარხოვ, უცხოს ქვეყანასავ.
გამოყენებული ლიტერატურა და ფოტო: https://tushetibrandculture.wordpress.com/
ამირან არაბულის ინტერვიუ ,,კარიბჭეში''