წითელი ნუსხა
თუშური ცხენი
თუშური ცხენი წარმოადგენს კავკასიის ერთ-ერთ უძველეს ჯიშს, რომელიც მოშენებულია საქართველოს მთიანი ზონის ბუნებრივ კლიმატურ პირობებში ხალხური სელექციის შედეგად.
თუშური ცხენი წარმოიშვა ძველი ქართული ცხენის ჯიშისგან, რომელსაც საქართველოში I-III საუკუნეებში აშენებდნენ. მას საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული აქვს ძვირფასი ნიშან-თვისებები; ხასიათდება კარგი ამტანიანობით, სიმამაცით, კარგი ორიენტაციით, ტემპერატურული ცვლილებებისადმი შემგუებლობით, მსუბუქი ნაბიჯებით. ყველა ეს თვისება აუცილებებლია მთაში მოძრაობისთვის.
ეს ჯიში, ძირითადად, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. თუშურ ცხენს აქვს საჯდომ- სასაპალნე დანიშნულება. მეცხოველეობაში განსაკუთრებით მოსახერხებელია მომთაბარე მწყემსებისთვის, რომლებსაც პრობლემები ექმნებათ გზებზე.
თუშურს ცხენს ინახავენ ჯოგური მეთოდით, მთის საძოვრებზე. ზაფხულის საძოვრებზე ის სწრაფად სუქდება და კრეფს ენერგიას, ბრწყინვალე ადაპტაციით გამოირჩევა უღელტეხილებისა და ხეობებისადმი. ამ ჯიშს პატარა მოძრავი ტანი აქვს.
გარეგნული მაჩვენებლები და კონსტიტუცია: მოკლე მსუბუქი თავი, სწორი პროფილი, კარგად განვითარებული მკერდი, საშუალო ზომის თვალები, დაცქვეტილი ყურები, მოკლე კისერი, საშუალო ზომის მინდაო, სწორი ზურგი და ამოზნექილი წელი, მოკლე და დახრილი გავა, მომრგვალებული ნეკნები, საშუალო სიმაღლის კიდურები, ჩლიქები პატარა და მუქი ფერის.
ცხენი ხასიათდება მაღალი ტემპერამენტით. ის არის გვიანმწიფადი – 5-6 წლის ასაკში ითვლება ზრდადასრულებულად; 3 წლის ასაკიდან გამოიყენება მსუბუქ სამუშაოზე.
ფაშატები ხასიათდებიან მაღალი პროდუქტიულობით. მათ აქვთ კარგად განვითარებული ჩორთი და ჭენების სტილი.
თუშური ცხენი შრომისუნარიანი და სწრაფია. ორწლიანები 1000 მ მანძილს ფარავენ 1,32 წთ- ში, სამწლიანები – 1,27 წთ-ში. ის, ძირითადად, არის წაბლა, ლურჯა, ასევე გვხვდება მოწითალო და ყორანა. თუშური ცხენის მოშენების მეთოდია ხალასი (წმინდასისხლიანი) მოშენაბა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ჯიშები დიდად განსხვავდებიან სხვა კულტურული ჯიშებისგან. ადგილობრივი ცხენის გენოფონდის მახასიათებლები ხალხური სელექციის საუნუკოვანი მიღწევების შედეგი.