წითელი ნუსხა

კავკასიური შურთხი


კავკასიური შურთხი (ლათ. Tetraogallus caucasicus) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 50 სმ, წონა 2 კგ. ფერად რუხია, წვრილი შავი და წითური ზოლები და კოპლები აქვს. გავრცელებულია კავკასიონის მთავარ ქედსა და მის განშტოებებზე ზღვის დონიდან 1800-4000 მეტრზე. მობინადრეა. კავკასიური შურთხი ბუდეს მიწაზე იკეთებს — ქვებში ან კლდეებშუა. დებს 8-10 მორუხო კვერცხს. კრუხობს 3 კვირას. იკვებება მცენარის თესლით, კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ტუბერებით, აგრეთვე მწერებით.


ზამთარში იკვებება ჯიხვების საბალახოზე (ჯიხვი ფლოქვებით აფხვიერებს თოვლს და უადვილებს შურთხს საკვების მოპოვებას, შურთხი კი უფრო ფრთხილია და ჯიხვებს საფრთხეს ატყობინებს). ყველგან დაცულია.