ვიზოიტორთა ქცევის დაუწერელი წესები თუშეთში

ტრადიციები და ქცევები თუშეთში


თუშეთი და საერთოდ საქართველოს მთიანეთი ნაწილობრივ იზოლირებული სივრცეა სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა საზოგადოების ერთიანობა. ეს კარგად ჩანს უკვე ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე, სადაც თითქმის ყველა შემხვედრი მანქანა ჩერდება მოსაკითხად, რადგან აქ ყველა ყველას იცნობს და იმ წუთიდან, რაც თუშეთის ტერიტორიაზე შედგამთ ფეხს, თქვენც ამისი ნაწილი ხდებით.
მთაში ბარისგან განსხვავებით უფრო თავისებური ქცევის ნორმებია, რომლებიც უკავშირდება თუში კაცის ტრადიციულ ცნობიერებას. ამიტომ რამდენიმე საკითხში ჩვენი რჩევები მათთვის ვინც პირველად ადის თუშეთში საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ტრადიციული შეზღუდვები დღეობების დროს. ქალები ხატის კარზე არ დაიშვებიან და უფლება არ აქვთ რიტუალებში მონაწილეობის მიღების. მათ ასევე არ აქვთ უფლება გადააბიჯონ ხატის ტერიტორიაზე , ეს რამდენიმე მეტრი მწვანე მდელოა ნიშის გარშემო. საზღვარი ხშირად ქვებითაა აღნიშნული ან საერთოდ არ არის. ამიტომ კარგი იქნება ფეხით სიარულის დროს უცხო სოფელში შესვლისას იკითხოთ სად არის ხატი, რადგან ხატი ყველა სოფელს რამდენიმე აქვს. ერთი სოფლის შიგნით და რამდენიმე გარეთ.ეს გაადვილებს ურთიერთობებს ადგილობრივებთან და თავიდან აგაცილებთ გაუგებრობებს.ამ აკრძალვის ( და ნებისმიერი სხვა აკრძალვის) დარღვევას ტრადიციული მითოსური გაგებით სამყაროს წონასწორობის მოშლა მოსდევს და თუ ეს მუდმივად და ბევრ ხატში ხდება, მაშინ ბუნებრივი კატასტროფებიც არაა შორს, ასე სჯერათ თუშებს.
ურთიერთობების ეთიკა თავშეკავებასა და სტუმართმოყვარეობის პრინციპებზეა აგებული, მაგრამ გაითვალისწინეთ , რომ მთიან რეგიონებში ყველაფერი გაცილებით რთულია ვიდრე ბარში, დაწყებული გადადგილებიდან დამთავრებული საკვების მომზადებით და მომარაგებით. დიასახლისების, მეცხვარეებისა და მეურნეების ყოველდღიური საქმიანობა დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს, ამიტომ აქ დიდად აფასებენ დახმარებას, უბრალოებას, სიდინჯეს და სხვებზე ზრუნვას. ამ თვისებების გარეშე ძნელია მთის მკაცრ გარემოში გადარჩენა და ჰარმონიული თანაარსებობა.